„წიგნები ბათუმში“ – პროექტის ფარგლებში არსებული საწყობი დიდთოვლობის გამო განადგურდა

პროექტის „წიგნები ბათუმში“ ფარგლებში არსებული საწყობი დიდთოვლობის გამო განადგურდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოეტი და ტელეწამყვანი სანდრო ლორთქიფანიძე წერს.
როგორც იგი წერს, საწყობში წიგნების ნახევარზე მეტი კი დასველდა, გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო ჩაიმსხვრა საწყობის მინებიც.
„ძალიან სამწუხარო ამბები შეემთხვათ დღეს ჩემს უძვირფასეს მეგობრებს, “წიგნები ბათუმში” და მარი და ირაკლი მყავს მხედველობაში. სახურავიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ ჯერ საწყობი გაანადგურა, დაასველა საწყობში წიგნების ნახევარზე მეტი, შემდეგ შესასვლელი კარის და ვიტრინების საფარველიც ჩამოანგრია და ჩაამსხვრია მინები.
არც კი ვიცი, როგორ დავეხმარო აქედან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი ხართ ჩემს მეგობრებს შორისაც, ვინც ამ გამომცემლობის და ამ ადამიანების მიმართ გულგრილი ვერ იქნებით, ვისაც გული შეგტკივათ მარიზე და ირაკლიზე. ჰოდა, ახლა ამ გამომცემლობის თითოეული წიგნის ყიდვაც ერთგვარი დახმარებაა.
შესაძლოა, უახლოეს ხანებში სპეციალური აქციაც დაიგეგმოს, ვინაიდან ბევრმა გულშემატკივარმა გამოთქვა დასველებული წიგნების შეძენის სურვილი… სოლიდარობით ყველაფერს გამოვასწორებთ! ფანტასტიკური ლიტერატურა გაგრძლდება და ახალ-ახალი კარგი წიგნებიც გვექნება ბათუმიდან, მანამდე კი ამისთვის, რითიც შევძლებთ, გვერდში დავუდგეთ მარის და ირაკლის“,-წერს სანდრო ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები