“ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” გიორგი კვირიკაშვილს მხარს უჭერს
ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მათი ფრაქცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მხარს უჭერს.
როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, ევროპული არჩევანი ევროპული სტანდარტის ხელისუფლებასაც ნიშნავს.
“მთავრობის შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა და ეს არსებითია. ხელისუფლებაში შეიცვალა მთავარი ფიგურა. არსებითად შეიცვალა ამოცანებიც. ახალ გამოწვევებს ახალი მიდგომები სჭირდება. 2016 წელს ჩვენი კოალიციისთვის ამომრჩევლის მიერ გაცემული სახელისუფლებო მანდატის მეოთხე წელია. გაისად შემოდგომაზე ახალი მანდატის მოპოვებისთვის 4-წლიანი პოლიტიკური მარათონის ფირნიშზე გავდივართ. კოალიციამ შინ და გარეთ უკვე შეაჩვია კეთილმოსურნეც და არაკეთილმოსურნეც, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს იქნება საპრეზიდენტო, თვითმმართველობის თუ შუალედური საპარლამენტო არჩევნები. ასეთი მაღალ დემოკრატიულ არჩევნებში უნდა იბრძოლოს განახლებულმა ხელისუფლებამ. ჩვენ დავამკვიდრეთ სიტყვის თავისუფლება. თავისუფალი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, გნებავთ მიკერძოებული მედიასაშუალებების პირობებში, საქმიანობის სტანდარტი კიდევ უფრო მაღალი იქნება კარგი პრემიერის პირობებში. “რესპუბლიკელებს” გვაქვს ამის იმედი. ევროპული არჩევანი ევროპული სტანდარტის ხელისუფლებასაც ნიშნავს. ჩვენს თანაზომად ევროპულ ქვეყნებში ექვსი-შვიდი პარტიაა პარლამენტში და პირველ ადგილზე გასული პარტიის მაჩვენებლი 30 პროცენტზე ნაკლებია. ესაა თანამედროვე ევროპული სტანდარტი. ამ ქვეყენების სიას ახლა ესპანეთიც შეუერთდა, სადაც ორპარტიულ სისტემაზე უარი თქვეს. საქართველოც ევროპაა. ქართული პოლიტიკის ლანდშაფტიც ევროპული ყაიდისააა. ჩვენ მაშინ გავთავისუფლდებით პოსტსაბჭოური ნარჩენებისგან, როცა გამოირიცხება ერთჯერადი მონსტრების, ხელისუფლებასთან შეზრდილი ფსევდო პარტიების შესაძლებლობა ქვეყანაში. ვიღებთ პასუხსიმგებლობას მთავრობის პროგრამასა და შემადგენლობაზე და ვხდებით თანაზიარი მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის. პრემიერს ნდობას ვუცხადებთ იმაშიც, რომ შეხედულებისამებრ გადაახალისოს მთავრობა თუ ამის საჭიროება გახდა. დარწმუნებული ვართ, რომ “რესპუბლიკელებთან” მას პრობლემები არ შეექმნება”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტში მინისტრობის კანიდატებზე მსჯელობა ფრაქციების ფორმატში მიმდინარეობს.