გიორგი კვირიკაშვილის თხოვნა მედიას: საზოგადოებას მივცეთ ხვალინდელი დღის იმედი

“რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი იქნება გამჭვირვალე“, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
კვირიკაშვილი ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ამას ტელეკომპანიის დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკაც ადასტურებს.
“ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების სიხშირე ძალიან მაღალია. მაქსიმალურად შევეცდები, შემიძლია ერთი პირობა დავდო, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, იქნება გამჭვირვალე. ამ პროცესის შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. ამ პროცესს გააჩნია ორი შემადგენელი და თითოეულ ამ შემადგენელს პატივი უნდა სცეს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველა წარმომადგენელმა. ეს გახლავთ საკუთრების შემადგენელი, ასევე სიტყვის თავისუფლების შემადგენელი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, იგი მხარს უჭერს კრიტიკული მედიის არსებობას, თუმცა, ამავე დროს სთხოვს მედიას, საზოგადოებას მეტი პოზიტიური ინფორმაცია მიაწოდონ.
“როგორც ერთი მოქალაქე, მექნებოდა ადამიანური თხოვნა ტელევიზიების მიმართ – ცოტა მეტი იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას მივცეთ ხვალინდელი დღის იმედი. ეს არ უნდა იყოს მარტო მთავრობის სურვილი, ეს უნდა იყოს საერთო საზოგადოებრივი სურვილის გამოძახილი. მე ვხვდები საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს, როგორც მომხრეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს და მაქვს გულწრფელი საუბარი. მხოლოდ ჩვენი მომხრეების აზრი არ არის, რომ აურა ქვეყენაში არის უარყოფითი, განწყობა არის დაძაბული. ამ დაძაბულობას რაც უფრო ნაკლებად შევუწყობთ ხელს ყოველი ჩვენგანი – როგორც მთავრობა, ისე პოზიცია, ოპოზიცია, ასევე მედია, მით უფრო უკეთესი და მით უფრო განვითარებული ქვეყანა გვექნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები