კახა კალაძე: საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა გახდეს
ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, მნიშნელოვანია, რესურსების ათვისება უმოკლეს ვადაში მოხდეს.
როგორც კალაძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა.
„ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პოლიტიკა დაეფუძნება დამატებითი გენერაციის სიმძლავრის შექმნას და საჭიროა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ძალიან მნიშნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ რესურსების ათვისება, იმისთვის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი მნიშნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ამ სამი წლის განმავლობაში მოხდა 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის შემოყვანა სისტემაში, ჯამური სიმძლავრე არის 157 მეგავატი. ამ პროექტების განხორციელებისათვის დაახლოებით 265 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მნიშნელოვანია ცვლილება, რომელიც მთავრობის დადგენილებაში „ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის შესახებ“ განხორციელდა.
„ასევე, ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, დავიწყეთ მუშაობა, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო ენერგეტიკის დარგი. განვახორციელეთ გარკვეული ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, „ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის შესახებ“. ამოქმედდა პროექტების განხორციელების ორსაფეხურიანი სისტემა, წინასამშენებლო ფაზა და სამშენებლო ფაზა“, – განაცხადა კალაძემ.