“ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის”- სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს

ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” მთავარ მიზნად კვლავ უპირობოდ რჩება ერთიანი, ძლიერი, კანონის უზენაესობაზე დამყარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, რომელსაც კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.
პროგრამას “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” ჰქვია.
პროგრამის სახელწოდების უცვლელად დარჩენის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვრიკაშვილმა სამთავრობო პროგრამა ხელახლა გადაამუშავა და საკანონმდებლო ორგანოში ისე წარადგინა.
პროგრამაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ განახორციელა მთელი რიგი ცვლილება და ფუნდამეტური რეფორმები, რითაც ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
“გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებებით; შენდება დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტები; დაბალანსებულად მუშაობენ სახელმწიფო ორგანოები; მნიშვნელოვნად დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა; ფუნდამენტური რეფორმები ხორციელდება მართლმსაჯულების სფეროში; კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესი შეუქცევადი გახდა; მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტიას სახელმწიფო იძლევა; უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება; დამკვიდრდა დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია; მოხდა ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და შემოღებულია რეალური თვითმმართველობა”, – ნათქვამია დოკუმენტში.
სამთავრობო პროგრამაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარ ორიენტირად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაც.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობები თვისებრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევი გახადა.
“2014 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება. ხელშეკრულება რატიფიცირებულია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანის მიერ. 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ხელშეკრულების პირობითი ამოქმედებით, ევროინტეგრაცია გახდა ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ნაწილი. ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციისათვის ქმნის რეალურ სამართლებრივ საფუძველს და საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცეველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის თანამიმდევრული განხორციელებით საქართველო გახდება ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილი.
ასოცირების შეთანხმების განხორციელება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს შეეხება. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი რეფორმები მოემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მეტ გამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოებისა და რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცებას, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსა და ხელსაყრელი ბიზნესკლიმატის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას. შეთანხმება სრულ თანხვედრაშია მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვასთან”, – აღნიშნულია პროგრამაში.
მასში ნათქვამია ისიც, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად შეიქმნა შესაბამისი ინსტიტუციონალური და ადმინისტრაციული მექანიზმები.
“ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება”, – ნათქვამია პროგრამაში.
პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზეც და აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უახლოესი მომავლის პერსპექტივაა.
“2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიის დასკვნის შესაბამისად, “ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მიაღწია ყველა ნიშნულს, რომელიც ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით იყო გათვალისწინებული. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გათვალიწინებით, 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას რეგულაციაში (EC) No 539/2001 შესწორების შეტანის თაობაზე”, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ ხელი შეუწყო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის აღმოფხვრის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, სამართლებრივი თანამშრომლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის, დოკუმენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროებში რეფორმების განხორციელებას. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) თანახმად, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 80-მდე კანონქვემდებარე აქტი, 9 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირებულ იქნა 7 საერთაშორისო კონვენცია”, – ნათქვამია პროგრამაში.
პროგრამაში ასევე ყურადღება გამახვილებულია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე და აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობას ინტეგრაციის გაღრმავებისა და ნატო-ში საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მიზნით, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გარანტიაა. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ აღმავლობასა და კეთილდღეობას. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, პროგრამაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს. აღნიშნულია, რომ მთავრობა გააგრძელებს მუშაობას უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის და მოქალაქეებისათვის ღირსეული პირობების შექმნის მიმართულებით; გაგრძელდება წვრილი და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
“კიდევ უფრო გაძლიერდება კერძო საკუთრებისა და შრომითი უფლებების დაცვა; სახელმწიფო უზრუნველყოფს გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის ინტეგრირებას. მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს; მომავალშიც იზრუნებს შრომისუუნარო მოქალაქეებისათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის; გააგრძელებს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ- ეკონომიკურ მოდერნიზებას. მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას, მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავისუფალ და დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს, შექმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ ორგანიზაციებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები და კონკურენტულ გარემოში პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა. მთავრობის პოლიტიკა კვლავ დაეფუძნება ხალხის ნებასა და ინტერესებს”, -ნათქვამია პროგრამაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები