„სააკაშვილი ასფალტს გვამადლიდა და სამხრეთ ოსეთი რომ დაებრუნებინა, რას მოიმოქმედებდა?!“

 

   უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს 2008 წლის აგვისტოს ომზე ნაფიქრი მანამდე ჰქონდათ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. როგორც ხაბურძანია “რეპორტიორთან“ინტერვიუში აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხი ავანტიურაზე წამოაგო, დაიწყო ომი, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა.
უშიშროების ყოფილი მინისტრი მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის 2003 წლის დეკემბერში, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გამართულ დიალოგსაც იხსენებს.
“2003 წლის დეკემბერში, როდესაც ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, დამიბარა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მესაუბრა. მკითხა – თუ ჯარს კარგად ჩავაცვამთ, დავახურავთ და მოულოდნელად შევიჭრებით ცხინვალში ან სოხუმში, რას მოიმოქმედებს რუსეთიო. ვუთხარი, რომ რუსები თბილისს დაბომბავდნენ. მახსოვს, მერაბიშვილმა ხარხარი ატეხა და თქვა – არ გეწყინოს, მაგრამ შევარდნაძეს შენნაირი მინისტრები რომ ჰყავდა, იმიტომ ვზივარ ახლა მე ამ კაბინეტშიო. ქვეტექსტი იყო, ჩამორჩენელი ხარ და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში ვერ ერკვევიო. ეს ხალხი არასერიოზულად უყურებდა მოვლენებს. როგორც ბავშვებს, რაღაცები გამოუვიდათ. ეგონათ, მსოფლიო პოლიტიკაშიც ასევე გამოუვიდოდათ, უფრო სწორად, გაუვიდოდათ, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკაში ის კრიტერიუმები არ მოქმედებს, რაც შიდა პოლიტიკურ სისტემაში. 2008 წლის აგვისტოს ომზე ნაფიქრი მანამდე ჰქონდათ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ეგონათ, რუსეთს ცხინვალს მაინც დაათმობინებდნენ – ვისარგებლებთ ოლიმპიადით, ცხინვალში შევალთ, გავმაგრდებით, გამაგრებული ცხინვალის აღება რუსეთის ძალებს გაუჭირდება, ამასობაში კი მსოფლიო საზოგადოებაც ჩაერევა და ცხინვალს დავიბრუნებთო. აფხაზეთს დაიბრუნებდნენ თუ არა, ეს უკვე აღარ ადარდებდათ. მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე, გათვლი იყო პიარზე და ხელისუფლების შენარჩუნებაზე. სააკაშვილი შუქს, ასფალტს გვამადლიდა და წარმოიდგინეთ, სამხრეთ ოსეთი რომ დაებრუნებინა, რას მოიმოქმედებდა?! მათ გარანტირებული ექნებოდათ ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა… არადა, რეალურად, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხი ავანტიურაზე წამოაგო, დაიწყო ომი, რომელიც წასაგებად იყო განწირული და ამდენი ხალხი შეიწირა. ახლა უსირცხვილოდ დადის დაღუპულების მშობლებთან და ცრემლებს აღვარღვარებს“, – აცხადებს ხაბურძანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები