თბილისის მუსიკალურ ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტს თბილისის მერი დავით ნარმანია და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“ და 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას მოხმარდება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და მხარს უჭერს ფონდს მეტი რესურსის მობილიზებაში, რათა მეტი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე (ორგანი), სალომე ჯიქია (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო-სოპრანო), დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.