ლალი მოროშკინა: ამდენი “პორტფელი”იყრება, მამუკა კი გარდაბანში უნდა ჩაებას ბრძოლაში

მამუკა არეშიძის “ქართული ოცნების” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.
“მამუკას ვიცნობ უხსოვარი დროიდან… მან 90-იანებში მომიყვანა ტელევიზიაში და ამ დიდი გადარეული ოჯახის სისხლი გადამისხა.. შემდეგ იყო ერთობლივი არასამთავრობო ორგანიზაცია და ეთნიკური უმცირესობის პრობლემებზე მუშაობა… მამუკას ინიციატივით ყოველ 2 ნოემბერს პანკისობას ვატარებდით… როდესაც კონფლიქტებში მინისტრის მოადგილედ დავინიშნე, მამუკა ჩემი იდეოლოგიური მხარდამჭერი და საუკეთესო მრჩეველი იყო… მერე “ნაციონალებს“ ვებრძოდით… მერე მე ციხეებისკენ ავიღე გეზი და მქონდა მოლოდინი, რომ ამჯერად მაინც მამუკა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს! მინიმუმ მინისტრის პორტფელს!!!!! მაგრამ ვაი რომ გავწბილდი… აი ახლაც ამდენი “პორტფელი”იყრება და მამუკა კი გარდაბანში უნდა ჩაებას ბრძოლაში… კი ბატონო, სადაც ქვეყანას დაჭირდება, ეს ადამიანი იქ წავა, როგორც თავის დროზე აფხაზეთში ერთ-ერთი პირველი წავიდა… მაგრამ რატომ?“, – წერს ლალი მოროშკინა.
მამუკა არეშიძე “ქართული ოცნების” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი იქნება. როგორც არეშიძემ “კვირას“ განუცხადა “ქართული ოცნებისგან” არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო და წინასწარი თანხმობაც განაცხადა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება, მას შემდეგ გახდა აუციელებელი, რაც გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა. გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ მამუკა არეშიძე გარდაბანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები