„ჰუმანითი ჯორჯია“ საქართველოში საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხანას ააშენებს
თბილისში, ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხანა აშენდება.
პროექტს ერთობლივად საპარტნიორო ფონდი და კომპანია „ჰუმანითი – ჯორჯია“ ახორციელებენ.
საპარტნიორო ფონდსა და „ჰუმანითი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ჯამურად 130 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას.
„ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორის ანდრეი კუზმას თქმით, ეს მოვლენა რამდენიმე თვალსაზრისით არის განსაკუთრებულად საინტერესო და აღსანიშნავი.
“საპარტნიორო ფონდის და „ჰუმანითი ჯორჯიას“ ერთობლივი ფარმაცევტული პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც ამიერკავკასიის მასშტაბით საუკეთესო ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც EU GMP სტანდარტის შესაბამისად აღიჭურვება და მოეწყობა. ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 600 დასახელების წამალი როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ პროექტი ითვალისწინებს EU GMP ქარხანასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას, რომელიც ადგილზე მოახდენს სერიულ კონტროლს. ასევე გათვალისწინებულია EU GDP სტანდარტის ფარმაცევტული სასაწყობო მეურნეობის მოწყობა. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, გარანტიაა იმისა, რომ ჩვენთან წარმოებული პრეპარატები უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.
„ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიოს გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს მსოფლიოს ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.
ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა წარმოების სრული ციკლის აწყობა და ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში დამკვიდრება, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
ქარხნის მშენებლობის პროცესში დასაქმდება 160 ადამინი, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, დასაქმებული პერსონალის რაოდენობა 440 ადამიანს გადააჭარბებს.
არსებული ინფორმაციით, „ჰუმანითი ჯორჯია“ უკვე აწარმოებს მედიკამენტების იმპორტს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და მისი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
„ჰუმანითი ჯორჯიას“ პრეპარატების ქართულ ბაზარზე რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება. „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ წარმოების სრული ციკლის აწყობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის კონტროლზე ორიენტირება და უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მედიკამენტების იმპორტი, არის გარანტია იმისა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტები გაიაფდება საშუალოდ 30 %-ით და მეტით“, – აცხადებენ „ჰუმანითი ჯორჯიაში“.