„ბი-ბი-სი“ – რისთვის სჭირდება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ხელოვნური ინტელექტი?
„ბი-ბი-სის“ ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი რეკორდულ თანხას ხარჯავს მედიის, ბლოგების და სოციალური ქსელების მონიტორინგისთვის. გამოცემამ ინტერნეტში ამ სისტემის უფასო ვერსია აღმოაჩინა და მისი მუშაობა შეაფასა.
„მოსკოვის ერთ-ერთ ოფისში სადღეღამისო დაცვის და ვიდეოთვალთვალის ქვეშ სისტემა „ინტეგრუმი“ აგროვებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც რუსულენოვანი მედიით და ინტერნეტით ვრცელდება. აქ ხვდება ახალი ამბები, რეპორტაჟები, „პოსტები“, კომენტარები, ფოტოები და ვიდეოები.
სისტემას ინფორმაციის პირველწყაროს დადგენა შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ პირველწყარო იშლება, სისტემა ყველა მონაცემს არქივში იწერს. მას ასევე შეუძლია ინფორმაციის დახარისხება თარიღის, თემის, ინტონაციის, ავტორის ასაკის, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე შეუძლია ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიტიკური ანგარიშების ფორმირება.
სისტემაში შესვლა პრაქტიკულად ინტერნეტთან მიერთებული ნებისმიერი მოწყობილობით შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული IP მისამართების მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ ჩამონათვალში, მაგალითად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის IP მისამართები შედის, რომელმაც 2012 წლიდან სისტემაზე ხელმოწერაში და ანალიტიკურ ანგარიშებზე 2,8 მილიონი რუბლი დახარჯა.
წლის ბოლომდე ამ უწყებამ შესაძლოა, კომპანია „ინტეგრუმ-მედიასთან“ კიდევ ერთი, ამჯერად 12-თვიანი კონტრაქტი გააფორმოს. მისი ფასი 2,2 მილიონი რუბლია.
ბოლო კონკურსის ტექნიკურ დავალებაში მითითებულია, რომ სისტემამ 35 ათასი მედიასაშუალების მონაცემთა მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ჩამონათვალში შედის: ტელეკომპანია „დოჟდი“, უკრაინული სააგენტო „უნიანი“, ასევე 12 პოპულარული ინტერნეტსერვისი: ვკონტაკტე, ფეისბუქი, ტვიტერი, ლაივჯორნალი, ლაივინტერნეტი, ოდნოკლასნიკი, ჩემი მსოფლიო, იუთუბი, რუთუბი, სმოტრი.ქომ, ინსტაგრამი და Foursquare.
ამ სისტემის მომსახურებით სხვადასხვა დროს ნარკოტიკების მიმოქცევის კონტროლის ფედერალური სამსახური, ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახური, უმაღლესი და საარბიტრაჟო სასამართლოები, ასევე რეგიონული პარლამენტები და მთავრობები სარგებლობდნენ.
პოლიტიკური მონიტორინგი
სისტემის ზოგიერთი ფუნქციის მუშაობის შესასწავლად არ არის აუცილებელი, სპეცსამსახურის თანამშრომელი ან ჩინოვნიკი იყო. „ინტეგრუმ-მედიის“ საიტზე რეალური დროის რეჟიმში შესაძლებელია სტატუსების და კომენტარების ნახვა სოციალურ ქსელ ვკონტაკტეში, ასევე ტვიტერსა და ლაივჯორნალში. ამისთვის აუცილებელია თემის მითითება, მაგალითად, მინისტრები, გუბერნატორები, მედია, უმაღლესი სასწავლებლები და ბანკები. უფასო ვერსიაში გეოგრაფიული დანამატი, ასევე შეტყობინენების ინტონაციაც მოქმედებს.
ასე, მაგალითად, ვკონტაკტეში რუსეთის კულტურის მინისტრის, ვლადიმერ მედინსკის კომენტარი რუსი ერის „ზედმეტი ქრომოსომის“ შესახებ სისტემამ „უარყოფითად“ შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესახებ კომენტარი, რომ მან ნიუ-იორკიდან შვილი მოსკოვში ჩაიყვანა, რაც მიუთითებს „ვის მხარეზეა ლავროვი“, სისტემამ შეაფასა „დადებითად“.
სიტყვა „რაშკას“ გამოყენება „როსიას“ ნაცვლად პრაქტიკულად გარანტირებულად გაუშვებს ამ კომენტარს უარყოფითში. ზოგჯერ სისტემაში ხარვეზი ფიქსირდება და ის აშკარად დამცინავ და ცინიკურ გამონათქვამებს დადებით ნიშანს უწერს.
„ბი-ბი-სიმ“ თხოვნით მიმართა ექსპერტებს, რათა მათ „ინტეგრუმის“ ონლაინვერსია შეისწავლონ და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან, თუ როგორ შეუძლია მისი გამოყენება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.
„საინფორმაცია კულტურის“ ხელმძღვანელს ივან ბეგტინს მიაჩნია, რომ სოციალური ქსელების მონიტორინგის ტექნოლოგია სასარგებლოა და მისი გამოყენება სახელმწიფომ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესში გამოსცადა. მაგრამ ალექსანდრე ბასტრიკინის უწყების მიერ მისი გამოყენება ექსპერტს არ მოსწონს.
„ეს არის პოლიტიკური მონიტორინგი, იმის ნაცვლად, რომ უფრო სერიოზული დანაშაული გააკონტროლონ (ფინანსური პირამიდები, ნარკოტიკების მიმოქცევა, კიბერდანაშაული), რესურსები ასეთ სისტემებზე იხარჯება“, -აცხადებს ბეგტინი.
ინტერნეტექსპერტი ანტონ მერკუროვი ამბობს, რომ ეს სისტემა შეტყობინების ემოციურ მხარეს ძალზე მიახლოებით აფასებს. „ რუსული ენა მდიდარია სხვადასხვა ეპითეტით და ფრაზებით, ამიტომ ტექსტის სერიოზული ანალიზი მხოლოდ პროფესიულ ლინგვისტს შეუძლია“, – აცხადებს მერკუროვი.
მისი თქმით, „ინტეგრუმის“ ფასი წელიწადში 2,2, მილიონ რუბლს შეადგენს. ბიზნესი მსგავს სერვისებში ამდენივეს იხდის.
„დღევანდელი ტექნოლოგიების უმეტესობა მეტ-ნაკლებად თანაბრად მუშაობს. მათ შეუძლიათ იმის დადგენა, თუ ვინ არის ფოტოზე გამოსახული, შეუძლია ფოტოს კონტექსტის დადგენა და ვიდეოს შინაარსის გაანალიზება. ეს სტანდარტული პაკეტია, რასაც მსგავსი კომპანიები წარმოადგენენ. ინსტრუმენტი ძალზე კარგი და სასარგებლოა, მაგრამ სხვა საქმეა – რა საექსპერტო გადაწყვეტილებები მიიღება მის საფუძველზე. ეს საკითხი უკვე ტექნოლოგიების მიღმაა. იმის დადგენა, თუ რამდენად “გაეჭედებათ“ ტვინი საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებს, ძალზე რთულია“, – აცხადებს ექსპერტი.
პრიზმები, შტორმები, მონიტორები
მედიის მონიტორინგის სისტემები 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. ამ სფეროში ლიდერობენ ამერიკული კომპანიები: Crimson Hexagon-ი და General Sentiment-ი. რუსეთში ათამდე ასეთი კომპანია მოქმედებს.
2010 წლის ივნისში სამხედრო ნაწილმა № 64829, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურის საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი, სისტემა „სემანტიურ არქივზე“ 431 ათასი რუბლი დახარჯა. ამ პროგრამის ფუნქციაში სამსახურის შიდა ფოტოებისა და ანალიტიკური საბუთების ბაზაზე მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი შედიოდა.
გაზეთი „კომერსანტი“ იუწყებოდა, რომ 2012 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ინტერნეტის კვლევაზე სამი დახურული ტენდერი გამოაცხადა. მისი საერთო ფასი 30 მილიონ რუბლს შეადგენდა.
პირველის კოდური სახელწოდება იყო „შტორმ-12“ და ის „სოციალურ ქსელებში სპეციალური ინფორმაციის გავრცელების საშუალებებს ეხებოდა. მეორე კვლევა იყო „მონიტორ-3“ – ინტერნეტში არაოფიციალური მართვის მეთოდები და, მესამე კვლევა, სახელწოდებით „დისპუტი“ – ინტერნეტცენტრების და სოციალური ქსელების რეგიონული სეგმენტების კვლევა. სამუშაოების შესრულება კომპანია „ინტერანეტს“ დაევალა, რომლის გენერალური დირექტორი იგორ მაცკევიჩი ადრე უშიშროების სამსახურში მუშაობდა.
რუსეთში ანალიტიკური სისტემები, ძირითადად, „ინტეგრუმ-მედიისგან“ და “მედიალოგიისგან“ შედგება. მეორე კომპანია, ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ანალიტიკურ სისტემა „პრიზმას“ აწვდიდა. Cnews-ის ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოდან საკუთარი სისტემის შექმნა კომპანია „მართვის სისტემებმა“ დაიწყო, რომელიც სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხს“ ეკუთვნის.
ხელოვნური ინტელექტი
„ყველა ასეთი სისტემა აზრთა ანალიზის კლასიკურ ამოცანას ხსნის: როგორ უნდა შეფასდეს მოსაუბრის დამოკიდებულება საუბრის ობიექტის მიმართ“,- ამბობს ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მონაცემთა ანალიზის და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის დოცენტი დიმიტრი იგნატოვი. პირველ რიგში, აუცილებელია თავად ობიექტის გამორჩევა, მაგალითად ლავროვის, ან სხვა რომელიმე ჩინოვნიკის.
ამის შემდეგ ტექსტი მცირე ერთეულებად და ფრაზებად იყოფა. ხდება კონტექსტის, ზედსართავი სახელების, მეტყველების სხვა ნაწილების ანალიზი, პროგრამა მათ პლუსებს ან მინუსებს უწერს. ნიშნების საერთო რაოდენობის მიხედვით შეფასდება, დადებითია ეს გამონათქვამი, მთლიანობაში, თუ უარყოფითი.
მეცნიერის თქმით, მანქანებმა ჟესტების და ემოციების ანალიზი უკვე ისწავლეს, მაგრამ სარკაზმის და მსახიობის თამაშის ანალიზი მათ არ შეუძლიათ.
„თუ ჩვენ ამავე მეთოდით სოციალური ქსელების ანალიზს ვაპირებთ, მაშინ თავდაპირველი მონაცემები დაგვჭირდება, – აცხადებს იგნატოვი. მხოლოდ ღია მონაცემებით შეუძლებელია ადამიანების დამოკიდებულების შესწავლა რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ. მაგრამ თუ პროვაიდერს შეუთანხმდებით და სოციალური ქსელის მთელ „ტრაფიკთან“ კავშირი მიგიწვდებათ, მაშინ თქვენი შესაძლებლობები გაიზრდება. მასალის მომზადების დროს „ბი-ბი-სი“ კომენტარისთვის „ინტეგრუმ-მედიას“ ვერ დაუკავშირდა“, – წერს ბრიტანული გამოცემა.