გიორგი ქადაგიძე მაგდა პაპიძეზე: დამნაშავედ არ ჩაითვლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს ამას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დიღომში, ფერიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
გიორგი ქადაგიძე ქმრისა და შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მაგდა პაპიძის უფლებებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამნაშავედ მანამ, სანამ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაადგენს ამას.
“ბოლო ორი დღეა, არ ცხრება კამათი, როგორ უნდა „დაისაჯოს“ ქალბატონი, რომელიც ეჭვმიტანილია მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში. ამ თემაზე გავიხსენოთ: რამდენიმე სიტყვა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე:
1. სისხლის სამართლის ერთ-ერთი ძირითადი და უძველესი პრინციპი, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამნაშავედ მანამ, სანამ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაადგენს ამას.
2. ეს პრინციპი გარანტირებულია გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-11 მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით.
3. ყველა დამწყებ იურისტს ასწავლიან ე.წ. ბლექსტოუნის თანაფარდობას: „უმჯობესია 10 დამნაშავე გაექცეს მართლმსაჯულებას, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს“, 1765 წ.
4. ღმერთმა იქამდე არ აღგავა სოდომი და გომორი, სანამ იქ ბოლო მართალი კაცი იყო დარჩენილი. ერთი მართალი კაცის სიცოცხლედაც არ ღირდა ამ ქალაქების ყველა უკეთური მაცხოვრებელი.
დაბადება 18:23-33, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობდა:
1. ფელიქს დერჟინსკი, საბჭოთა სადამსჯელო პოლიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი: „ჯობია, სიკვდილით დავსაჯოთ 10 უდანაშაულო ადამიანი, ვიდრე გაგვექცეს ერთი დამნაშავე“;
2. იგივე თემაზე საუბრისას შემდეგ კომენტარს აკეთებს ნიკოლაი ეჟოვი, „ენ-კა-ვე-დეს“ მეთაური და 37-ანი წლების რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი ავტორი, „როცა შეშას ვჩეხავთ, ნაფოტები იყრება“, დავასამაროთ საბჭოეთი, მეგობრებო!“, – წერს გიორგი ქადაგიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები