„ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია სიმართლესთან ახლოს არ იყო“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გავრცელებულმა კადრებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია სიმართლესთან ახლოს არ იყო. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაადგენს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
“ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მძიმე კადრები იყო. რა თქმა უნდა, მანამდეც ყველას გვქონდა გარკვეული ეჭვი, რომ ოფიციალური ვერსია არ იყო სიმართლესთან ახლოს და ამ კადრებმა ჩემში პირადად ასეთი ეჭვი გააძლიერა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით აიტვირთა.