საფრანგეთში ქართველი კაპიტანი დააკავეს – გემზე, რომელსაც ის მართავდა, კოკაინი აღმოჩნდა

საფრანგეთის პოლიციამ მოლდავეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი გააჩერა, საიდანაც სამართალდამცველებმა 2,4 ტონა კოკაინი ამოიღეს. სამართალდამცველებმა გემის ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე დააკავეს.
როგორც „კვირას“ ბერიძის ვაჟმა გიორგი ბერიძემ განუცხადა, ბადრი ბერიძესთან ერთად დაკავებულია ეკიპაჟის რამდენიმე წევრი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან.
გიორგი ბერიძის ინფორმაციით, 12 დეკემბერს ოჯახს უცნობი პიროვნება დაუკავშირდა და ბადრი ბერიძის დაკავების შესახებ შეატყობინა, მას შემდეგ მას მამასთან კავშირი არ აქვს.
ბადრი ბერიძის ვაჟი საქართველოს საელჩოს საფრანგეთში მამისთვის ადვოკატის აყვანის თხოვნით მიმართავს.
„მამაჩემი 1996 წლიდან მეზღვაურია. მამაჩემს თურქეთის მოქალაქე დაუკავშირდა და უთხრა, რომ იყიდა გემი, რომელიც მას თურქეთში უნდა ჩაეყვანა. ასეთი მოლაპარაკება შედგა მათ შორის და სწორედ ამ მიზნით წავიდა მამაჩემი დომენიკის რესპუბლიკაში. როდესაც ჩავიდა, დარეკა და გვითხრა, ეს ის გემი არ არის, ძველია და არ მუშაობს, როგორ ჩავიყვან, არ ვიციო. თურქი მეპატრონეც ჩამოვიდა და გემის შეკეთების საკითხს არკვევსო. მამაჩემი ორი კვირის განმავლობაში სასტუმროში იყო და ყოველდღე ვესაუბრებოდით.
რამდენიმე დღის შემდეგ დარეკა, გემი რაღაცნაირად შეკეთდა, შეუძლია გასვლაო. მეპატრონემ კი თქვა, კაპიტალურად თურქეთში შევაკეთებთ, რადგან აქ ძვირი დამიჯდებაო. მას შემდეგ მამასთან კავშირი გაწყდა. რამდენიმე დღის წინ შემთხვევით გავიგეთ, რომ გემი საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ჩხრეკაც არ იყო, თითქოს იცოდნენ, რომ გემზე რაღაც ინახებოდა, რადგან კადრებში კარგად ჩანს, როგორ გაჭრეს გემის კორპუსი სპეციალური მოწყობილობით. თუ წინასწარ ამის შესახებ არ იცი, არ არსებობს, მაშინვე იმ ადგილს მიადგე რაღაცის აღმოსაჩენად. ასე მგონია, საფრანგეთის პოლიციამ იცის, ვისია და სად მიჰქონდათ ტვირთი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.
ის, ვინც თურქეთიდან მამაჩემს ურეკავდა, მისი ნომერი ჩვენც გვქონდა. მამას ჩვენ თუ ვერ ვუკავშირდებოდით, მასთან გვქონდა კავშირი. რუსულად საუბრობდა. ახლა, რაც ეს ამბავი მოხდა, გამორთული აქვს ტელეფონი და არ ვიცით, სადაა.
ვინ არის ის ადამიანი, რა კომპანიააა, ყველაფერი იცის მამაჩემმა, რომელიც ამჟამად დაკავებულია.
12 დეკემბერს დამიკავშირდა ჩემთვის უცნობი რუსულად მოსაუბრე პიროვნება და მითხრა, რომ მამაჩემის დავალებით რეკავდა, იგი დაკავებული იყო და იმყოფებოდა საფრანგეთის პოლიციაში. მას შემდეგ უკვე 6 დღეა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დაადასტურა, თუმცა, როგორც ამიხსნეს, თვითონ მოქალაქემ უნდა მოითხოვოს კონსულთან შეხვედრა, ან პოლიციას უთხრას მამაჩემმა და პოლიცია შემდეგ საკონსულოს მიმართავს.
მამაჩემს სასწრაფოდ სჭირდება ადვოკატი. საქმე ძიებაშია და იქ სრულიად მარტოა. არავინ არ ჰყავს გვერდში მდგომი“,-განუცხადა „კვირას“ გიორგი ბერიძემ.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთში საქართველოს საელჩომ მედიის საშუალებით შეიტყო. კონსული ადგილობრივ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები