„ეს არის სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოსამართლე კანონის შესრულებაზე უარს ამბობს”

კომპანია “ტრანსფორდი” მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილებას ითხოვს. კომპანიის ადვოკატის იოსებ ბარათაშვილის განცხადებით, საქმეს არაუფლებამოსილი მოსამართლე და არაგანსჯადი სასამართლო იხილავს.
“ფოთის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც გააერთიანა საქმე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. მოსამართლე გიორგი სულაკაძე ვალდებული იყო, უპირობოდ გადაეგზავნა საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში. მას სხვა მოქმედების უფლება არ გააჩნდა. როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე ასეთ შემთხვევებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლით არის განსაზღვრული. ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლე გიორგი სულაკაძეს ეს საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, ამაზე უარი განაცხადა. მოსამართლე იხილავს საქმეს, რომელსაც ნომერი არ გააჩნია. აფერხებს ფოთის საქალაქო სასამართლოს მუშაობას. საქმე გვაქვს უკანონობასა და მოსამართლის მხრიდან მიკერძოებულობასთან.
ამასთან, პროცესის მსვლელობის დროს დაშვებული იყო უხეში შეცდომები, როდესაც სასამართლოში სარჩელი ჯერ ერთმა კომპანიამ შეიტანა და შემდეგ იგივე კომპანიამ მეორე კომპანიის სახელითაც შეიტანა სარჩელი, რათა მეორე საქმეც მოსამართლე გიორგი სულაკაძის წარმოებაში მოხვედრილიყო. ფაქტობრივად, მოსამართლემ კანონის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც არ გაითვალისწინა. წარმოებაში მიიღო საქმე იმგვარად, რომ ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა და ამას კანონიც კრძალავდა. დღეს სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც მოსამართლე მოქმედ კანონმდებლობას ხელაღებით, აშკარად არღვევს.
კომპანია “ტრანსფორდის” ხელმძღვანელობამ მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსის” 381-ე მუხლის დარღვევის გამო მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა, ასევე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კი სამოქალაქო საპროცესო ნორმების შესაბამისი ნორმების დარღვევის გამო – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ორივე განცხადება განხილვის საგანია. ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს სხვა ბერკეტები. ჩვენ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით უნდა ვიმოქმედოთ. როდესაც მოსამართლე მიიღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ჩვენ გვექნება რეაგირების საშუალება“, – აცხადებს ბარათაშვილი.
მისივე განცხადებით, ფაქტობრივად პროცესი დასრულებულია.
“რეპლიკების ეტაპია დარჩენილი, ეს არის სრული ფორმალობა. ამის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს. საზოგადოება ხშირად არის არასწორი, მიკერძოებული გადაწყვეტილებების მომსწრე. ეს არის სრულიად კურიოზული და უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოსამართლე კანონის შესრულებაზე უარს ამბობს და პირდაპირ არღვევს მას”, – აცხადებს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების “პრომეტკო ჯორჯიასა” და “ჯე-ეს-კოს” საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 28 დეკემბერს გაიმართება. მოპასუხე მხარეს ფოთის საზღვაო ნავსადგური და შპს “ტრანსფორდი”, მესამე მხარეს კი “რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო” წარმოადგენს.
ჩხარტიშვილის კომპანიები ფოთის საზღვაო ნავსადგურს 2010 წლის 30 ივნისიდან ნავმისადგომების ფლობის შესახებ საიჯარო ხელშეკრულების არაკანონიერ დარღვევაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ნავმისადგომები შემდგომ იჯარით შპს “ტრანსფორდს” გადაეცა. კომპანიები: “პრომეტკო ჯორჯია” და “ჯე-ეს-კო” ზარალის ანაზღაურებისთვის დაახლოებით 70 მლნ ლარს ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები