კორეის განვითარების სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 100,000 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კორეის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია, რომელსაც მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანიამ უმასპინძლა.
დელეგაციაში შედიოდა კორეის რესპუბლიკის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში, კიმ ჩან გიუ, კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩოი იონჯე და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობები. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და განვითარების სააგენტოს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრის მოადგილემ განიხილა განვითარების სააგენტოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამი პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის (პროექტები ეხება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხებს). სააგენტო პროექტების შესაძლო დაფინასების შესახებ გადაწყვეტილებას 2017 წელს მიიღებს.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისთვის და 2013 და 2015 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული საგრანტო დახმარებისთვის, რომლის ფარგლებში სამინისტროს დაახლოებით 100,000 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. შეხვედრის დასრულების შემდგომ მხარეები სიტყვით გამოვიდნენ და დააფიქსირეს მზადყოფნა, გააღრმავონ შემდგომი თანამშრომლობა.
ცნობისთვის, კორეის განვითარების სააგენტო 1991 წელს დააარსა კორეის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის სამინისტრომ, როგორც სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კურირებს სახელმწიფოს ოფიციალური განვითარების დახმარების პოლიტიკას (ODA). სააგენტოს მიზანია გლობალური განვითარების დღის წესრიგის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა პარტნიორი ქვეყნების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით. ორგანიზაცია დაარსების დღიდან არაერთ პროექტს ახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით აქტუალური პროექტების რეალიზაციისთვის სააგენტოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები