აიღო თუ არა პარლამენტარმა 10 000 დოლარის ოდენობის ქრთამი – მურმან დუმბაძე პროკურატურას მიმართავს
საქართველოს პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დუმბაძემ მოქალაქისგან 10 000 დოლარის ღირებულების ქრთამი აიღო, დეპუტატი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავი უწყებები აღნიშნულ ფაქტს გამოიძიებენ.
„მე ამ საქმეზე უკვე ჩვენება მივეცი პროკურატურას, შსს აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს, ზეპირი საუბარი მქონდა რეგიონის მთავარ პროკურორთან, წერილობითი განცხადებაც გადავეცი და იმედს ვიტოვებ, რომ საქმე გამოძიებული იქნება“, -აღნიშნავს დუმბაძე.
როგორც პარლამენტის წევრი იხსენებს, პარასკევს მას, როგორც ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს, მაჟორიტარის ბიუროში მოქალაქეების ტრადიციული მიღება ჰქონდა, როცა მასთან შესახვედრად ორი მამაკაცი მივიდა. მოქალაქეები მას, როგორც ძმები, ისე გაეცნენ. დუმბაძესთან შესვლისას, მათ პირად საქმეზე საუბრის მოტივით დეპუტატთან პირისპირ საუბარი მოითხოვეს. მოქალაქეების თხოვნის საფუძველზე დუმბაძემ ოთახი ბიუროს ხელმძღვანელს და მის პირად მძღოლს დაატოვებინა, რის შემდეგაც მათ დეპუტატს შენობის გარეთ სთხოვეს გასაუბრება, რათა მათი დიალოგი არ ჩაწერილიყო და ფარული მოსასმენი აპარატურა არსად ყოფილიყო. დუმბაძე მათ მოთხოვნას არ დაჰყვა და დიალოგი ოთახში შედგა.
დუმბაძის თქმით, ორი მამაკაციდან ერთი, რომელიც უფრო მეტად აქტიურობდა, მას ეცნო, თუმცა იმ წუთისთვის მან ვერ შეძლო, აღედგინა, მანამდე სად ჰყავდა იგი ნანახი. მამაკაცმა მას თავისი ოჯახური პრობლემები მოუყვა. მოქალაქის განცხადებით, მათ ბანკში სესხის მიღების მიზნით საკუთარი საცხოვრებელი სახლი ჩადეს და დაკარგეს. საკუთარ პრობლემებზე საუბრის შემდეგ კი ე.წ. ნაცნობმა მამაკაცმა დუმბაძეს 10 000 დოლარის დაბრუნება მოსთხოვა, რომელიც, მისივე მტკიცებით, დეპუტატს 2014 წელს გადასცა.
„საეჭვო იყო თავიდანვე მისი ძალდატანება, რომ პირისპირ ესაუბრა ჩემთან, მაგრამ დავთანხმდი მის მოთხოვნას. მან თქვა, რომ ჰქონდა ბანკის ვალი, რომელიც მას 20 000 დოლარამდე აუვიდა და ამის სანაცვლოდ მან ბათუმში 2- სართულიანი კერძო სახლი ჩადო, თუმცა, მისივე თქმით, ეს უკვე „წასული საქმე იყო“. ამის შემდეგ პირდაპირ, არც აცია, არც აცხელა და სრულიად ჩვეულებრივად მეუბნება: „თქვენ რომ მე 10 000 დოლარი მოგეცით, ის ფული უნდა დამიბრუნოთ“. მე გაკვირვებულმა ვუთხარი, რა ფულზე იყო საუბარი. მან გამიცხადა, რომ ჩაქვიდან წამოსვლისას მანქანაში გადმომცა ეს თანხა. მე მას ხმამაღალი ლაპარაკი დავუწყე, რომ ის იყო პროვოკატორი, მოგზავნილი, რომ მე მისთვის ხელი დამერტყა და მას ამის ინსპირირება მოეხდინა. ამის შემდეგ გავარდა და გავიდა გარეთ“,- განაცხადა მურმან დუმბაძემ.
ამის შემდეგ დუმბაძემ ბიუროს ხელმძღვანელს მაჟორიტარის ბიუროში შესული მოქალაქეების რეგისტრაციის სიაში ამ მამაკაცის ვინაობის მოძიება სთხოვა. მას შემდეგ, რაც დუმბაძემ მისი გვარი გაიგო, შეძლო და გაიხსენა, საიდან ეცნობოდა მასთან შესახვედრად მისული მამაკაცი.
„ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს შენობაში, რამდენიმე თვის წინ, უფრო ზუსტად 2015 წლის 26 აგვისტოს მე ნამდვილად შევხვდი ამ ახალგაზრდას ქალბატონ მედეა ვასაძის კაბინეტში. მე ქალბატონ მედეასთან ჩემს საქმეზე ვიყავი მისული, გვეჩქარებოდა, მაგრამ ქალბატონმა მედეამ მითხრა, რომ ერთი მოქალაქე იყო მისაღები და მთხოვა, მანამდე ამ შეხვედრას მასთან ერთად დავსწრებოდი. სწორედ ამ შეხვედრაზე ვნახე პირველად ეს მამაკაცი. იმ შეხვედრაზე ის აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ის პოლიტიკური ნიშნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლა და ჩვენ გვთხოვდა თანამდებობაზე აღგვედგინა“, – განაცხადა მურან დუმბაძემ.
მურმან დუმბაძის განცხადებით, მის მიმართ მსგავსი პროვოკაციების მცდელობა აქამდეც ბევრჯერ ყოფილა. მისი თქმით, სამი კვირის წინ „ზირაათ ბანკის“ ბათუმის ფილიალში, საიდანაც დუმბაძემ სესხი აიღო, უცნობი ქალბატონი მივიდა და დეპუტატის საკრედიტო ისტორიის გადაცემა მოითხოვა. ქალბატონი ამტკიცებდა, რომ დუმბაძეს მას 100 000 დოლარი გადასცა და ინტერესდებოდა, რამდენად კეთილსინდისიერი გადამხდელი იყო დეპუტატი.
დეპუტატი პროკურატურას მიმართავს, რომ სამი კვირის წინ მომხდარ ინციდენტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.
„ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე. ეს უშიშროების სამსახურების ცნობილი მიმართულებებია. ამ საქმეზე გამოძიება გაწყებულია, მაგრამ აუცილებელია გამოძიების პროცესში ამ ქალბატონთან დაკავშირებით არსებულ ინციდენტს მიაქციონ ყურადღება. მე ბანკის ვიდეომასალის მიხედვით ვიცი ამ ქალბატონის სახე, რაც შეეხება მის ვინაობას, არ ვიცი, ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ მან ბანკის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მედეა ხალვაში ჰქვია“,- განაცხადა მურმან დუმბაძემ.