კვების დეფიციტი ორსულებსა და ახალშობილებში – რა საფრთხეს შეიცავს ის პატარებისთვის

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ბავშვებსა და დედებში კვების დეფიციტზე და ამ პრობლემის შემდგომ გართულებებზე საუბრობს. როგორც მაია ქურციკიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კვების დეფიციტი ახალშობილებში სხვადასხვა პათოლოგიას, შემდგომ ასაკში კი ზრდასა და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენას იწვევს.
„კვების დეფიციტი არ ნიშნავს შიმშილობას, კვების დეფიციტში მოიაზრება იმ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური განვითარებისათვის. 2009 წელს იუნისეფმა ჩაატარა ნუტრიციული კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ქალს და ბავშვს კვების დეფიციტი აღენიშნება. ეს ორსულ ქალებში ფოლიუმის მჟავის არმიღებას გულისხმობს, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიას იწვევს ბავშვის დაბადებისას, მათ შორის ზრდაში ჩამორჩენას, მცირე წონიანობას, ზურგის ტვინის თიაქარს … ისეთი ელემენტების ნაკლებობა, როგორიც არის ფოლუმის მჟავა და რკინა, აუცილებელია როგორც ორსული ქალის, ისე ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ბავშვის დაბადებიდან 2 წლამდე ეს არის კრიტიკული პერიოდი, რომლის დროსაც ბავშვის ტვინი ყალიბდება, რკინა კი ამ პროცესში ტვინის განვითარებისათვის საშენი მასალაა, თუ ამ პერიოდში რკინის დანაკლისი იქნა, ეს ბავშვის როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით პრობლემებს გამოიწვევს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ფოლიუმის და რკინის მიღება“, – განაცხადა მაია ქურციკიძემ.
იუნისეფს ამ კუთხით თავიანთი რეკომენდაციები აქვს.
„ჩვენი რეკომენდაციაა, უპირველეს ყოვლისა, ძუძუთი კვების ხელშეწყობა 6 თვემდე, ქალის რძე შეიცავს სწორედ იმ აუცილებელ მიკროელემენტებსა და ვიტამინებს, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის არის აუცილებელი; 6-დან 24 თვემდე ბავშვს სპეციალური საკვები დანამატი უნდა მიეწოდოს, რომ ეს საჭირო ელემენტები უკვე გარედან მიიღოს; ასევე მთელი მოსახლეობისათვის აუცილებელია, დამატებითი ღონისძიება გატარდეს და პურის ფქვილი გამდიდრდეს ფოლიუმის მჟავით, რათა მოსახლეობამ აუცილებელი ნითიერებები მიიღოს. ეს არა კონკრეტული ადამიანების, არამედ საზოგადოების პრობლემაა. რკინის დეფიციტი ბავშვების 23%-ს აღენიშნება, ქალებში – ორსულებსა და არაორსულებში – 24-25% -ს , ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას კი ქალების 36,6 % განიცდის“,-აღნიშნავს ქურციკიძე.
კვების დეფიციტი ბავშვებს, პათოლოგიების გარდა, სხვა საფრთხეებსაც უქმნის. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტმა თამარ უგულავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კვების დეფიციტი ბავშვებს იმუნიტეტს უქვეითებს, რის გამოც სხვადასხვა დაავადებისთვის მოწყვლადი ხდება.
„კვების დეფიციტი ბავშვების სიკვდილის პირდაპირი მიზეზი არ არის, მაგრამ კვების დეფიციტის მქონე ბავშვი არის მოწყვლადი სხვადასხვა ინფექციის და დაავადების მიმართ და სწორედ მისი მოწყვლადობა ხდება სიკვდილის მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ კვების დეფიციტი შეივსოს. მისი იმუნური სისტემა და ორგანიზმი ასეთ შემთხვევაში ძლიერი იქნება, რომ ყველა პრობლემას გაუმკლავდეს“,- აღნიშნავს თამარ უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები