„უკვე ყველამ იცოდა, ეს მკვლელობა ოქროპირიძის ჩადენილი რომ იყო “
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე, მოკლული ლაშა მახარაძის დედა იკითხება.
ნინო დიდებულიძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენების მიცემის დროს მისი შვილის გარდაცვალების დღე, 2014 წლის 2 სექტემბერი გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ვითარებაში შეიტყო შვილის გარდაცვალების ამბავი. გარდაცვლილის დედამ იმ ტრაგედიაზეც ისაუბრა, რაც მის ოჯახს 2013 წლის აგვისტოში დაატყდა თავს.
„იმ უბედურების შემდეგ, რაც მე გადავიტანე, ვერც კი წარმოვიდგენდი, ლაშაზე ვინმე ხელს თუ ასწევდა. 2013 წლის 29 აგვისტოს ჩემი უფროსი შვილი, მეუღლესთან და 7 წლის ბავშვთან ერთად, ცემიდან ბრუნდებოდა. გზაში ავარია მოხდა და სამივე დამეღუპა. 29 აგვისტოს მქონდა წლისთავი და 3 დღეში ამ ნაძირალამ ლაშა მომიკლა“, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ. მისი თქმით, შვილის დაჭრის ამბავი მეგობრის სახლში შეიტყო.
„მითხრეს, ფეხშია დაჭრილიო. რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავედით. უამრავი ხალხი ირეოდა. ნათესავმა მითხრა, დაჯექი ცუდი ამბავიაო. სახლში წამომიყვანეს. ვიკითხე, ვინ იყო ის გარეწარი-მეთქი. მითხრეს, ოქროპირიძემ მოკლაო. უკვე ყველამ იცოდა, ოქროპირიძის ჩადენილი რომ იყო ეს მკვლელობა. ბერძენიშვილზე რომ ამბობენ, ეს ტყუილია. რაში მჭირდება ტყუილის თქმა“, – აღნიშნა მოწმემ.
ლაშა მახარაძის დედის განცხადებით, ის გიორგი ოქროპირიძეს არ იცნობდა და ოქროპირიძე და მახარაძე კარგი მეგობრები არ ყოფილან. არსებული ინფორმაციით, ნინო დიდებულიძის დაკითხვა ემოციურ ფონზე მიმდინარეობს.
დღესვე ბრალდების მხარე კიდევ 5 მოწმის დაკითხვას გეგმავს. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ, მიმდინარე წლის ივნისში, 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ ვერდიქტი ვერ გამოიტანა. როგორც ცნობილია, მსაჯულების ახალი შემადგენლობის არჩევის პროცესი ხუთ თვეს გაგრძელდა. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამაც ვერ შეძლო ვერდიქტის გამოტანა, ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; ასევე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.