მიხეილ ხოდორკოვსკიზე რუსეთში ფედერალური ძებნა გამოცხადდა
რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა კომპანია „იუკოსის“ ყოფილი უფროსი მიხეილ ხოდორკოვსკი ფედერალურ ძებნაში გამოაცხადეს. ამის თაობაზე სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. მანამდე ხოდორკოვსკის ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობის საქმეზე დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი. ამ მკვლელობის ორგანიზებისთვის 2006 წელს „იუკოსის“ ეკონომიკური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს, ალექსეი პიჩუგინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ხოდორკოვსკი ამჟამად რუსეთში არ იმყოფება. მისი წარმომადგენლების განცხადებით, ის „რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ფარსში მონაწილეობას არ აპირებს“. გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა შესაბამის ორგანოებს მიმართოს „იუკოსის“ ყოფილ უფროსზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით.