თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტის მოლოდინთან დაკავშირებით, ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად დაბალანსებული
ვარშავის სამიტის მოლოდინთან დაკავშირებით, ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად დაბალანსებული, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ვარშავის სამიტის მოლოდინთან დაკავშირებით, ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად დაბალანსებული, რადგან ყველაზე ცუდი, რაც საქართველოში მოხდა, იყო 2008 წლის მოვლენები, მაშინ კი მოლოდინი ძალიან დიდი იყო. ბუქარესტის სამიტისგან მაპს ველოდით, თუმცა მივიღეთ პირობა წევრობის შესახებ, რომელიც ალბათ, მნიშვნელობით მაპს არ ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, ორივე ერთად იდეალური იქნებოდა, თუმცა ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ ყველაფრისთვის”, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა “გაზპრომთან” მოლაპარაკებების თემაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. “მასთან ზუსტად ისეთივე მოლაპარაკებები გვქონდა, როგორც სხვებთან. ჩვენ ყოველ წელს ხელახლა ვუბრუნდებით ამ პროცესს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რადგან კონტრაქტები ერთ წლის ვადით იდებოდა. საქართველოს ტერიტორიას კვეთს გაზსადენი, რომლითაც რუსეთი სომხეთს ამარაგებს, საქართველო კი შეთანხმების მიხედვით უფასო გაზს იღებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.