რატომ აღარ უგრძელებს ხელშეკრულებას ილიას უნივერსიტეტი არჩილ გამზარდიას
მედიაექსპერტი არჩილ გამზარდია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, ლექციებს აღარ წაიკითხავს. როგორც „კვირას“ თავად გამზარდიამ განუცხადა, უნივერსიტეტი მასთან მომავალი სასემესტრო ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. რამდენიმე საგანი კი პროგრამული ბადიდან არის ამოღებული და სხვა ლექტორებს აქვთ შეთავაზებული. გამზარდია აღნიშნულის მიზეზად ტელეკომპანია GDS-თან თანამშრომლობასა და გადაცემა “20/30”-ის წამყვანად მუშაობას ასახელებს.
„დაახლოებით 9 წელია უწყვეტად ვარ უნივერსიტეტის თანამშრომელი. შეთავაზება ყოველ სემესტრში მაქვს. წლების განმავლობაში ვკითხულობდი ლექციებს. წელს კი, რატომღაც, GDS-ზე თანამშრომლობის შემდეგ, უცბად საგაზაფხულო სემესტრში შემოთავაზებები არ არის. როდესაც ვიკითხე მიზეზი ადმინისტრაციაში, რა თქმა უნდა, რეალურ მიზეზს არავინ მეტყოდა, რომ შენ გდევნიან განსხვავებული პოზიციების გამოხატვისთვისო, მაგრამ ოფიციალურად კი საგნების პროგრამირების წესის შეცვლა დაასახელეს. ამ ყველაფერს ფუთავენ, როგორც პროგრამულ სიახლეებს. სხვა მხრივ მე ვერაფერს შემედავებიან. სავარაუდოდ, საგაზაფხულო დატვირთვა ილიას უნივერსიტეტთან არ მექნება. სემესტრის ბოლომდე ვმუშაობ, თუმცა ილიას უნივერსიტეტის პროგრამაში არცერთი ჩემი საგანი არ არის და ის საგნები, რასაც მე ვკითხულობ, სხვა ლექტორებს აქვთ შეთავაზებული“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.