დიმიტრი ქუმსიშვილი ვერეს ხეობაზე: დატბორვის ზონებში რეკრეაციის გარდა, არაფერი იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციას საინტერესოს უწოდებს. დიმიტრი ქუმისიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონცეფციის თანახმად, ვერეს ხეობა სამ ძირითად სექტორად არის გაყოფილი, ესენია – საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული ზონა.
“მე პრინციპულად მომწონს, თუმცა არ ვყოფილვარ კომისიის წევრი, ახლა ვნახოთ, უკვე დეტალურ გეგმებში როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი. პრინციპი, რაც ამ კონცეფციაშია, არის ის, რომ იმ დატბორვის ზონებში, რომელიც შეიძლება რომ მომავალშიც დაიტბოროს, რეკრეაციის გარდა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პარკის გარდა, არაფერი იქნება. იმ ნაწილში, რომელსაც წყალი არ შეხებია და არ დატბორილა, გამოიხატა ძირითადი მიმართულებები, რომლითაც შეიძლება განვითარდეს, მათ შორისაა, უნივერსიტეტი, კიდევ რაღაც სხვა მიმართულებები”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ამასთან, ქუმსიშვილი ოპოზიციის იმ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა ვალდებულებები, რომ თბილისში, ვერეს ხეობაში 100 მილიონი ოდენობის საინვესტიციო პროექტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა საკრებულომ მას ეს ვალდებულებები ჩამოაწერა.
“როდესაც ჩვენ განსახლების პროექტი დავიწყეთ ვერეს ხეობაში, ყველა იმ ნაკვეთზე, რომელსაც დატბორვა შეეხო, ჩვენი ვალდებულება იყო, რომ ეს ნაკვეთები მოსახლეობისგან გამოგვესყიდა, მათ შორის, ნაწილი – კერძო სექტორიდანაც. სწორედ ამ დროს “ქართუში” შემავალმა ერთ-ერთმა კომპანიამ გადადგა ძალიან სწორი და კარგი ნაბიჯი. იმ ნაკვეთზე მშენებლობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო და, შესაბამისად, ის ფული, რომელიც მათ გადაიხადეს და ეს იყო მილიონზე მეტი, დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე საბაზრო ღირებულებით იყო შეძენილი, შესაბამისად, მიწაც უკან დაგვიბრუნდა. დაბრუნებულ მიწაზე როგორ უნდა განახორციელოს ვინმემ ინვესტიცია, მაგაზე ვერაფერს გეტყვით. ასე რომ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.