გიორგი მარგველაშვილი: ჟვანიას საქმის გამოძიება მალე დასრულდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუთუბიზე გავრცელებულ ყოფილი პრემიერის – ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ვიდეომასალას ეხმაურება. მისი თქმით, საზოგადოებრივი ინტერესი არა მძიმე კადრების ნახვა, არამედ – გამოძიების დასრულებაა.
“შემიძლია, გითხრათ ერთი, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ამ ფაქტის გამოძიება. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მალე დასრულდება. საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით აიტვირთა.