“ამ წერილს მადლიერების ნიშნად ვწერ, რომ არა ნინო სურგულაძე, დღეს ასეთი გახარებულები ვერ ვიქნებოდით”

17 წლის ირაკლი დარჩიას დედა – ნანა დოლიძე ნინო სურგულაძეს და მის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხეს” მადლობას უხდის. როგორც ნანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, ნინო სურგულაძის და ფონდის დახმარებით მის შვილს სტამბოლში ძვირად ღირებული ოპერაცია ჩაუტარდა.
“ამ წერილს მადლიერების ნიშნად ვწერ, ჩემს 17 წლის შვილს, ირაკლი დარჩიას (მოგახსენებთ, ის შშმ ბავშვია) სერიოზული დაავადება აწუხებდა, მას ურთულესი სქოლიოზი ჰქონდა, ხერხემლის 85%-ით გადახრა, რაც მას ჯდომის საშუალებას არ აძლევდა, ამის გამო ბავშვი მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, ფაქტობრივად სახლში იყო გამოკეტილი, ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ძალიან რთული იყო ის, რომ ბავშვს ვერანაირად ვერ ვშველოდით…
ყველაფერი კი პატარა წერილით დაიწყო, რომელიც ქალბატონ ნინო სურგულაძეს მივწერე. ის მაშინვე გამომეხმაურა, მან გულთან მიიტანა ჩემი შვილის პრობლემა, მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხის” მეშვეობით, ირაკლის თურქეთის რესპუბლიკაში, სტამბოლში ჩაუტარდა ძვირად ღირებული ოპერაცია და დღესდღეობით სქოლიოზის პრობლემა მოხსნილია (დანარჩენი რეაბილიტაციის საქმეა)…
რომ არა ქალბატონები: ნინო სურგულაძე, ნატო ნატროშვილი, ფონდი “ნატვრის ხე” და მათი მედიატორობით საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი ტკივილი, დღეს ასეთი გახარებულები ვერ ვიქნებოდით. უდიდესი მოწიწებით  მადლობას მოვახსენებ ამ ადამიანებს და “ნატვრის ხეს” გზას დავულოცავ მომავალი კეთილი საქმეების საკეთებლად!”, – წერს ნანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები