რა სიახლეებით ხვდება ბაკურიანი ახალ სეზონს
საქართველოში სამთო – სათხილამურო კურორტები წელს 13 დეკემბერს გაიხსნება. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ამბობს, რომ მთის კურორტებზე წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტს ელოდებიან.
როგორც ონოფრიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ბაკურიანი სეზონს რამდენიმე მნიშნელოვანი სიახლით ხვდება. 27 დეკემბერს გაიხსნება კოხტას მთაზე დამონტაჟებული ახალი საბაგირო შუალედური სადგურით.
მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი შენდება 500 საწოლზე გათვლილი სასტუმროები, კოტეჯები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. დიდველის მთაზე მონტაჟდება ე.წ მთის ციგა.
“წელს ველოდებით ვიზიტორების რეკორდულ რაოდენობას, ბაკურიანი სეზონს რამდენიმე მნიშნელოვანი სიახლით ხვდება. დიდველის
მთაზე მონტაჟდება ე.წ მთის ციგა, ეს ატრაქცია ძალიან პოპულარულია მთის კურორტების მოყვარულებში. მიტარბის მთაზე დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის – „დოპელაიერის“ საბაგირო. საბაგიროს, რომელიც 27 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება, ექნება გაცილებით დიდი გამავლობა და მისი სიგრძეც იქნება გაზრდილი.
ეს საბაგირო საბჭოთა კავშირის დროს ფუნქციონირებდა, საკმაოდ კუსტარულად იყო დამონტაჟებული, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების გამო გათიშული იყო. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი სასტუმროები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საბაგირო გზის დამონტაჟება, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ბოლოს დასრულდება“,- აცხადებს სანდრო ონოფრიშვილი.
სანდრო ონოფრიშვილის თქმით, უახლოეს დღეებში გუდაურსა და დიდველის სათხილამური ტრასებზე ხელოვნური გათოვლიანების პროცესი დაიწყება.
“თოვლი მოვა თუ არა, სეზონი მაინც გაიხსნება, შარშან ხელოვნური გათოვლიანების სისტემებით გავათოვლიანეთ დიდველისა და გუდაურის პირველი ტრასები. რამდენიმე დღეში დაიწყება ანალოგიური პროცესი“,- განუცხადა “კვირას“ სანდრო ონოფრიშვილმა. რაც შეეხება, ზოგადად, ხელოვნური გათოვლიანების პროექტის ღირებულებას, სანდრო ონოფრიშვილი განმარტავს, რომ ბაკურიანისა და გუდაურის გათოვლიანების პროექტი (მოწყობილობების შესყიდვა და ინსტალაცია) ჯამში: 2 მილიონ 300 ათასი ევროს შეადგენს, აქედან მხოლოდ ბაკურიანზე: 2 მილიონ 728 ათას ას ორმოცდაათი ლარი დაიხარჯა.