ზუგდიდში ხვალ ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნება
ზუგდიდში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო შენობას გახსნიან.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გარემონტდა ორსართულიანი შენობა, რომელიც აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. შენობის ეზო კეთილმოეწყობა და ასევე მაშველებს ახალი ყოველდღიური ფორმები გადაცემათ.
შენობას საზეიმო ვითარებაში შს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი გახსნიან.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სამმართველოს გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სრული აღჭურვილობა დაათვალიერონ. სააგენტოს ცნობით, გაიმართება სიმულაციური ჩვენება, რომლის დროსაც მეხანძრე-მაშველები უჩვენებენ საკაცით დაზარალებულის დაშვებას გრძელ თოკზე, ხანძრის ქრობას, საევაკუაციო ბალიშზე სიმაღლიდან ხტომას.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ასევე, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი პირები და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.