ნუგზარ ჭიაბერაშვილი: ამ ადამიანების უფლებები ყოველდღე უნდა გვახსოვდეს

2 დეკემბერს, ოთხშაბათს, საღამოს 6 საათზე, „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“ და „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ გიწვევთ „განსაკუთრებული  ჟურნალის“ ახალი ნომრის წარდგინებაზე – „განსაკუთრებული ჟურნალი და – შეზღუდული არაფერია“.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ანუ „განსაკუთრებული ჟურნალის“ რედაქციის თქმით, რომელიც, ამავე დროს, მისი ერთ-ერთი სლოგანია, – განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და არა შშმ პირები, ადამიანები, რომლებიც დასაქმებულნი არიან აღნიშნულ გამოცემაში.
„განსაკუთრებული ჟურნალი“ ყოველთვიურია და მისი შინაარსი საკმაოდ საინტერესოა: მედიცინა, რელიგია, ე.წ. შშმ პირების ცხოვრება და მათი მოღვაწეობა, თეატრი, კინო, პროზა-პოეზია და ხელოვნების სხვა ყველა დარგი. აღნიშნულ თემებზე მუშაობენ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ასევე –  სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, დამწყები და ცნობილი ჟურნალისტები, რადგან ჟურნალი ინტეგრირებულია და განსაკუთრებული მისია აქვს ამ პროექტს, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ შშმ პირთა რესოციალიზაცია, ინტეგრაცია და მათი დასაქმების ხელშეწყობა განიზრახა, რასაც ამ ეტაპზეც რეალურად ავითარებს, შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის ადამიანთა დასაქმება და მათი პოპულარიზაცია მიმდინარეობს. ამ კატეგორიის ადამიანების უფლებები ყოველდღე უნდა იყოს დაცული და არა მხოლოდ 14 ივნისს, ან 3 დეკემბერს, თუმცა ეს დღეები ამ უმნიშვნელოვანეს დეტალზე ნათლად მიგვითითებს, რომ მათი უფლებები მუდმივად უნდა გვახსოვდეს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით,  რომ აღნიშნული ღონისძიება თბილისის მედიათეკების გაერთიანებამ შემოგვთავაზა და ჩვენც დიდი სიამოვნებით მივიღეთ, რადგან ეს „განსაკუთრებულ ჟურნალს“ ეძღვნება და ყველა შშმ პირს. ამისთვის ჩვენი რედაქციის სახელით დიდი მადლობა მედიათეკას“, – განუცხადა „კვირას“ „განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
„განსაკუთრებული ჟურნალის“ პრეზენტაცია ეძღვნება 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღეს. საღამო გაფორმდება უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის ნახატებით. აგრეთვე გაიმართება ქეთი ჭიღლაძის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს უსინათლოთა სექსტეტი „ედელვაისი“. აგრეთვე მოწვეული იქნებიან ყველასათვის ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. ისინი თავიანთი შემოქმედებით გაალამაზებენ აღნიშნულ ღონისძიებას. გარდა ამისა, სტუმრებს და მონაწილეებს, „განსაკუთრებული ჟურნალის“ თანამშრომლებს, რომელთა შრომის დასაფასებლადაც იმართება ეს საღამო, მრავალი სიურპრიზი ელით“, – განაცხადა თბილისის მედიათეკების გაერთიანები კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორმა, რუსუდან მუმლაძემ.
მოწვეული სტუმრები იქნებიან: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები