გიორგი კვირიკაშვილი: ნატოს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი
„ჩვენი მიზანია ნატოს წევრობა, ალიანსის გადასაწყვეტია, რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას. ჩვენ დღეს გაგვაჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამისთვის, მათ შორის ნატოს სამხედრო ძალებთან თავსებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე თანამიმდევრული იყოს, რადგან ნატოს წევრობა საქართველოს საბოლოო მიზანია და ქვეყანა იმ პერიოდისთვის უნდა იყოს მზად, როცა ეს შესაძლებელი გახდება.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაველოდოთ იმ დროს, როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნატო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, საქართველო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რათა შეიძინოს ის ინსტრუმენტები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში. ვფიქრობ, უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი სახეზე, ამას ხაზს უსვამენ ჩვენი პარტნიორები და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობს და გლობალურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში, რომელიც არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთლიანად რეგიონში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნატოს წევრობისთვის, თუმცა უნდა იყოს მზაობა თავად ნატოს ყველა წევრის მხრიდან, რათა მიღებული იქნას ეს გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვარშავის სამიტზე, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, საქართველო თანამიმდევრულად, მტკიცედ გააგრძელებს ამ ვექტორს – ნატოს წევრობისკენ სვლას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნულ მინისტერიალზე ერთ-ერთ საკითხად განიხილება, თუ როგორი იქნება ნატოს მომავალი მის გაფართოებასთან დაკავშირებით. საქართველოს დელეგაციის მიზანია, რომ საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე მოვახდინოთ მეტი მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
„ჩვენ ვართ ძალიან საიმედო და სანდო პარტნიორი ნატოს ალიანსისთვის, ვმონაწილეობთ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის რეფორმები, რომელიც საქართველოში ტარდება, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, სათანადოდ იქნება დაფასებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი 2015 წლის 1-2 დეკემბერს ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს. გიორგი კვირიკაშვილი მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით წარდგება. ასევე კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.