დავით უსუფაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის (ASEAN) გენერალურ მდივანთან, ლე ლიოუნგ მინთან გამართა შეხვედრა.
ლე ლიოუნგ მინის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში დამკვირვებელი წევრის სტატუსით განაცხადი გააკეთა.
გენერალური მდივნის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციას თანამშრომლობის მეტი პოტენციალი გააჩნია. ლე ლიოუნგ მინმა ორგანიზაციის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოციაცია მიზნად წევრ სახელმწიფოებში ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობების გაძლიერებას ისახავს.
მისივე ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაცია ამჟამად აზიის დიდი ბაზრის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს მოიცავს და სამომავლოდ, მსოფლიო ვაჭრობის 40%-ს შეადგენს. გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით, ინვესტირების კუთხით, ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მოხარული იქნება, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ინტენსიური გახდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო კარგად აცნობიერებს მსგავსი რეგიონალური ორგანიზაციების მნიშვნელობას და მათთან ურთიერთობების გამყარებას ცდილობს.
მისივე თქმით, ქვეყანა ევროპისკენ ისწრაფვის, თუმცა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციასა და მის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა განიმუხტება და შესაძლო გართულებებს თავიდან ავიცილებთ. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს სურს, მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში თავისი როლი შეასრულოს.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზეც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში აქტიურ როლს შეასრულებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, შემდეგ ჯერზე, როდესაც ქართველი დეპუტატები ვიზიტით ინდონეზიას ეწვევიან, სასურველია, ესტუმრონ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციასაც, რის ორგანიზებაშიც, მისივე თქმით, დეპუტატებს საქართველოს საელჩო დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები