საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს შეხვდა
ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერთან, სეტია ნოვანტოსთან გამართა.
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
მისივე განცხადებით, ქვეყნებმა ერთმანეთის პოტენციალი გულდასმით უნდა შეისწავლონ და მომავალი ურთიერთობები მასზე დაყრდნობით ააგონ. როგორც სეტია ნოვანტომ აღნიშნა, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ურთიერთობების განვითარება ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის.
მისივე შეფასებით, საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნაც.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების მოდელია რეგიონში.
დავით უსუფაშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე, საკონსულტაციო შეხვედრებია დაწყებული, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი საკითხი განიხილება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინდონეზიასთან შედარებით, გაცილებით პატარაა, ორივე ქვეყანა ერთნაირი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია სამომავლო ურთიერთობებისთვის. დავით უსუფაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნას ინდონეზიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან მეგობრობის ჯგუფი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.