თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით რომში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე რომში, იტალიის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პიერ ფერდინანდო კასინის და იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ევროპის საბჭოში, მიკელე ნიკოლეტისს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრებისას, თედო ჯაფარიძემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ქვეყნის განვითარების საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოსთვის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო და ქვეყანა აქტიურად განაგრძობს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რასაც აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი, საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრებისას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე; სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების საკითხებზე; ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. აგრეთვე, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებსა და ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მხარეებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალია-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრეს. კონკრეტულად კი, მონიტორინგის კომიტეტის მუშაობის საკითხზე. ნიკოლეტიმ აღნიშნა, რომ ის, როგორც იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროპული სტრუქტურებისადმი სწრაფვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები