თამაზ მეჭიაური: ჩვენ – ყველა კონკრეტულ სიტუაციაში უნდა ამოვიდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან

„ჩვენ – ყველა კონკრეტულ სიტუაციაში უნდა ამოვიდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა კითხვას: თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე.
“სიხარული და აღტაცება სხვის დაპირისპირებაზე, არ მგონია, რომ კარგი ტონი იყოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ვართ და ყველა კონკრეტულ სიტუაციაში უნდა ამოვიდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან. თუ რეალურად არის შანსი იმისა, რომ ამ მოცემულობაში საქართველომ სარგებელი მიიღოს, თუნდაც ეკონომიკური, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი, მე ვერ ვიგებ. თავისთავად ცხადია, თუ იქ ხილის, ბოსტნეულის შეტანა და ა.შ. ემბარგოდან გამომდინარე შემცირდება, ცხადია, რომ დამატებითი სეგმენტი გაჩნდება, როცა შეიძლება ჩვენი შევიდეს იქ.
ტურიზმიც ასევეა. რატომ უნდა ვთქვათ უარი ტურისტების შემოსვლაზე ჩვენს ქვეყანაში და იმ სარგებლის მიღებაზე. თუ ამას ჭკვიანურად დაალაგებ, შეიძლება ამან პირიქით, შემოიტანოს ვალუტა და გაამყაროს. ტურისტების ნაკადზეცაა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი ესეცაა. მათ შემოაქვთ ეს ვალუტა. გზავნილები შეიძლება შემცირდეს, რადგან შესაძლოა, თურქეთში ან რუსეთში ეკონომიკა დაეცეს და, აქედან გამომდინარე, გზავნილები შეგვიმცირდეს, მაგრამ შეიძლება აქეთ თვითონ შემოიტანონ. მე კი არ ვამბობ, რომ უნდა ვუჩხიკინოთ, რომ რაც შეიძლება მეტად იჩხუბონ ერთმანეთში, მაგრამ ეს მოცემულობა არის და ამ მოცემულობაში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის უკეთესია, წყნარად, მშვიდად”, – განაცხადა მეჭიაურმა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, უნდა ვიცხოვროთ პრაგმატულად, ილუზიების გარეშე. “ჩვენ ვიცხოვროთ ისე, ილუზიების გარეშე, პრაგმატულად. რა თქმა უნდა, ჩვენს პერსპექტივაზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ყოველდღიურობაზე და ახლო მომავალზეც უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები