მირიან წიკლაური: უპირველესად, ბავშვების აღზრდა ბიოლოგიურ ოჯახში უნდა მოხდეს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მირიან წიკლაურმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე “სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.
წიკლაურის განცხადებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკანონდებლო ხარვეზების გამო, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ბავშვების ბიოლოგიური ოჯახებიდან გაყვანა და მათი ბავშვთა სახლებში განთავსება ხდება. დეპუტატმა ლიცენზიის გარეშე მოქმედი ბავშვთა სახლების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
“უკეთეს შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლებს ქმნიან, შემდეგ იწყებენ მოძრაობას ოჯახებში – ხშირ შემთხვევაში მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახებში და მათ ისეთ პირობებს სთავაზობენ, რომ ამას თანხმდებიან”, – აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის არასაჭიროებისამებრ გაყვანა დანაშაულია და თან – სერიოზული დანაშაული.
დეტალების დაკონკრეტებისაგან დეპუტატმა დღეს თავი შეიკავა, თუმცა ამ თემაზე სხვა ფორმატში საუბრის მზადყოფნა გამოთქვა.
რაც შეეხება პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი “სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” კანონპროექტს, ასევე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, “სისხლის სამართლის კოდექსსა” და “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტებს განიხილავს, რომელიც სააღმზრდელო საქმიანობისათვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს და დამატებით სალიცენზიო პირობებს განსაზღვრავს.
პროექტის მიხედვით, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა, შესაძლოა, კრიმინალური ქმედება გახდეს და შესაბამის პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
დეპუტატის განცხადებით, სასურველია ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში აღიზარდოს და თუ ამის შესაძლებლობა არ არის, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი გაშვილება. “ბავშვთა ზრუნვასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ დიდი ინსტიტუციები მაქსიმალურად შემცირდეს, სასურველია, რომ გაუქმდეს კიდეც და, უპირველესად, ბავშვების აღზრდა ბიოლოგიურ ოჯახში მოხდეს. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, უნდა მოხდეს მისი გაშვილება, მანამდე კი, ბავშვის მინდობით აღზრდა. თუ ამის საშუალებაც არ არის, ასეთი ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში უნდა განთავსდნენ. ამ მხრივ მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ბავშვთა სახლი დაიხურა და მოხდა ამ ბავშვების გადაყვნა მინდობით აღზრდაში და ზოგიერთ შემთხვევაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები