თამაზ მეჭიაური: შეიძლება გარეშე ფაქტორები, რომლებიც არცთუ სასიამოვნოა, ჩვენს სასარგებლოდაც შეტრიალდეს

უახლოეს გარემოცვაში ჩვენ ვრჩებით ყველაზე უფრო მშვიდობიან ქვეყანად, სადაც ნაკლებად ხდება რყევები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
“გარეშე ფაქტორებს კარგს ვერ დავარქმევთ. მოგეხსენებათ, ჩვენს უახლოეს გარემოცვაში ჩვენ ვრჩებით ყველაზე უფრო მშვიდობიან ქვეყანად, სადაც ნაკლებად ხდება რყევები, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რაც ახლაც მოხდა, დღეს 4 პირი აიყვანეს დიდი რაოდენობით იარაღის შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით. ადრეც მოხდა რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რაღაცები მაინც ხდება, ჩვენს ირგვლივ არ არის მთლად დალაგებულად საქმე და ახლა იმის პროგნოზორება ძნელია, რა მოხდება უახლოეს ხანში, რომელი ქვეყანა რომელ ქვეყანასთან უფრო მეტად შევა კონფლიქტში და ა.შ. რაც მათ ეკონომიკებზე აისახება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა მთლიანად ჩვენს გარემოცვაზეა დამოკიდებული, ერთი მხრივ, ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა. სამივე ეს ქვეყანა რა მდგომარეობაშია ერთმანეთთან, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მშვიდობიანად განვითარდეს და ამ ნაწილში ჩვენი ვალია, რომ იმაზე მეტი არ ვუჩხიკინოთ იქ რაღაცა, რაც ჩვენი საქმე არ არის და შიგნით მივხედოთ ჩვენს საქმეს”, – განაცხადა მეჭიაურმა.
მისივე თქმით, საქართველო გარეშე ფაქტორებს ვერ აიცილებს, მაგრამ შეიძლება არცთუ სასიამოვნო გარეშე ფაქტორები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდაც შეტრიალდეს.
“გარეშე ფაქტორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავიცილებთ, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გარეშე ფაქტორები, რომლებიც არცთუ სასიამოვნოა, ჩვენს სასარგებლოდაც შეტრიალდეს, რაღაცა დოზით, იგივე ტურისტების ნაკადების შემცირება იქ ერთი მიმართულებით, შეიძლება ჩვენთან ზრდაზე აისახოს. გააჩნია, როგორ იმუშავებენ შესაბამისი სამსახურები”, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები