თბილისში 14 000 გამხმარი და დაავადებული ხე მოიჭრა
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დედაქალაქის ტერიტორიაზე გამხმარი და დაავადებული ხეების ჭრის პროცესის დასრულებაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, დედაქალაქში მომდევნო ჭრის პროცესი გაზაფხულზე დაიწყება და ის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ აიპ-ს დაევალება.
„თბილისში 14 000 გამხმარი და დაავადებული ხე მოიჭრა. აქედან 4 000 შიდა კვარტალური ჭრების შედეგად არის დაფიქსირებული, რომელზეც უკვე არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი. ჭრების შემდგომი ეტაპი გაზაფხულზე დაიწყება, მაგრამ პროცედურა გაცილებით გამარტივებული იქნება, რადგან დაავადებული და გამხმარი ხე-ნარგავების მოჭრა თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ აიპ-ს დაევალება და პროცესი გაიოლდება“, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
ბუხრაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის კომისიამ დაითვალა ტერიტორიები, რომელსაც, 2009 წლის მიწათსარგებლობის გეგმის შესაბამისად, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაედო. მისი განცხადებით, წელიწადნახევრის განმავლობაში 1 4 31, 143 კვადრატული მეტრის სხვადასხვა ზონას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონად გადაუკეთდა სტატუსები. თუმცა არის ტერიტორიები, რომელთაც მოეხსნათ მსგავსი სტატუსი, მაგრამ, მისივე თქმით, ეს იყო ზონები, რომელთაც არასწორად ჰქონდათ სტატუსი მინიჭებული.