“პოზიციას“ ორგანიზებით საქველმოქმედო საღამო გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციას“ ორგანიზებით, 29 ნოემბერს კლუბ Urban Lounge-ში რიგით მეექვსე საქველმოქმედო საღამო, პროექტ “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” ფარგლებში, გაიმართა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება ამჯერად 7 წლის მოზარდის დასახმარებლად ჩატარდა.
“რიგით მეექვსე საქველმოქმედო საღამო, პროექტ “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” ფარგლებში, ამჯერად 7 წლის თემურ ჯიმშელეიშვილის დასახმარებლად ჩატარდა, რომელსაც აქვს ცერებრალური დამბლა და ჰიდროცეფალია.
საღამოს ესწრებოდნენ ის ადამიანები და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წინა ღონისძიებებზე ჩვენს გვერდით იდგნენ და თავიანთი წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო საღამოების ჩატარებაში. მათ მიმართ მადლიერება და კეთილგანწყობა ა/ო “პოზიციამ“ მადლობის სიგელების გადაცემით გამოხატა. პატარა თემურს, კლუბში წარმოდგენილი საზოგადოება მცირედი თანხით, 820 ლარით დაეხმარა. ამავე საღამოს მოკრძალებულად აღინიშნა ა/ო “პოზიციას” ერთი წლის იუბილე”, – აღნიშნულია “პოზიციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.