„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერებთან საარჩევნო სიასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს“

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიაში „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები გამოჩნდებიან, ვიცე-სპიკერი და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი მანანა კობახიძე არ ადასტურებს.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამ კუთხით, არანაირი კონსულტაცია ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებთან არ მიმდინარეობს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ამ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა ამ არასწორი სიის გამოქვეყნება. სია, რომელიც გამოქვეყნდა, აბსოლუტურად არანაირ ლოგიკას არ ეფუძნებოდა. ასეთი სია ჯერ არ შემდგარა. „ქართული ოცნება“ აქტიურად ჩადის რეგიონებში, ატარებს პარტიულ კონფერენციებს, მიდის გარკვეული გადახალისება, მუშაობა მიმდინარეობს ახალ კადრებზეც, მაგრამ არანაირი სია ჯერ შედგენილი არ არის.
რაც შეეხებათ ყოფილი ხელისუფლების გუნდის სახეებს, რამდენიმე მათგანი არჩევნებიდან მალევე უმრავლესობაში გადმოვიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. მე არ მგონია, რომ ჩვენი პარტიის სახელით იყარონ კენჭი ან ამ, ან სხვა ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ, ან არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მე ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი და გამართლებული. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ახალი სახეებიც, თუმცა ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც, როგორც პოლიტიკური ძალის საქმიანობასთან, არანაირად დაკავშირებულნი არ იყვნენ. ვერ წარმომიდგენია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები როგორ უნდა იყვნენ „ქართული ოცნების“ სიაში. ამით ამომრჩეველსაც დავაბნევთ და საზოგადოებაშიც იმედგაცრუებას გამოვიწვევთ. ჩვენ ძალიან ერთგული თანამებრძოლები გვყავს, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილში არიან“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები