დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა კერძო სექტორია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. ღონისძიება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, შეხვედრების ციკლის “ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან” ფარგლებში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე განიხილება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი “აწარმოე საქართველოში”, ასევე სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა კერძო სექტორია.
“კერძო სექტორი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს და ქმნის სამუშაო ადგილებს. სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნის განვითარება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. შესაბამისად, დიალოგი კერძო სექტორთან, გახსნილობა, ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მათთვის ამ ინფორმაციის მიტანა და პირიქით, მათგან მოსმენა, რა საჭირბოროტო საკითხები აქვთ, ჩვენთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრის მსვლელობისას დააჯილდოვებენ ბანკებს, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტ “აწარმოე საქართველოში” ჩართული კომპანიების ფინანსურ მხარდაჭერას. ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება. “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში” გამართულ შეხვედრას ესწრებიან ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები, მათ შორის “ლომისი”, “პსპ”, “ხილიანი”, რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა, “სიფიაი ჯორჯია” და სხვა.