რუსეთის წარმომადგენელი ნატოში – ალიანსმა თურქეთს „ხელი დააფარა“
ნატომ პოლიტიკურად ხელი დააფარა თურქეთს სირია–თურქეთის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ინციდენტში. ამის შესახებ, სააგენტო „ტასის“ ცნობით, ალიანსში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა. ასეთი კომენტარი გააკეთა მან ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „ალიანსმა და რუსეთმა „სუ–24“-თან დაკავშირებული ინციდენტი განიხილეს“.
გრუშკომ ასევე განაცხადა, რომ ნატო ამ საკითხში ორმაგ სტანდარტებს იყენებს. ასე, მაგალითად, ნატოს საბჭოს მიერ 5 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რომელიც რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხებოდა, აღნიშნულია, რომ თურქული ავიაგამანადგურებელი საზღვრის დამრღვევს მიუახლოვდა, მისი იდენტიფიცირება მოახდინა და ქვეყნის საჰაერო სივრციდან გასვლამდე მიჰყვებოდა. ჩამოგდებული „სუ–24“-ის შემთხვევაში კი ნატოს ეს რეგლამენტები დაცული არ ყოფილა, თურქმა პილოტებმა არც კი იცოდნენ, რომელი ქვეყნის თვითმფრინავმა დაარღვია მათი საჰაერო სივრცე და მას ცეცხლი გაუხსნეს.