მოსკოვში რუსეთ-თურქეთის სამეცნიერო ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა
მოსკოვში მუშაობა შეწყვიტა რუსულ-თურქულმა სამეცნიერო ცენტრმა, რომელიც უცხოური ლიტერატურის რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ფაქტი რუსეთსა და თურქეთს შორის ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო გართულებული ურთიერთობების ფონზე მოხდა. ამის გამო გაუქმებულია ყველა ადრე დაგეგმილი „მრგვალი მაგიდა“, ლექციები და კონფერენციები.
„ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდიც ხელმიუწვდომელი იქნება“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. ცენტრის წარმომადგენლები მისი დახურვის ოფიციალურ მიზეზებზე არ საუბრობენ და განმარტებებისთვის ჟურნალისტებს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ურჩევენ.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური, ხოლო მისი მოქალაქეების მიმართ სავიზო სანქციების გამოყენება იქნება შესაძლებელი.