რიჩარდ ტრაიონი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქარველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ ტრაიონს მასპინძლობა გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ გაუწიეს.
ამერიკელი გენერალი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სააქტო დარბაზში კაპიტნის საკარიერო და უმცროს ოფიცერთა სკოლების მსმენელებს შეხვდა. მან საზღვაო ქვეითი ძალების ჩამოყალიბებისა და სარდლობის დღევანდელი ამოცანების შესახებ წაიკითხა ლექცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ქართველმა სამხედროებმა სარდალს ISAF-ის ოპერაციის მიმდინარეობის, ავღანეთის ეროვნული ძალებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარებისა და შეიარაღებულ ძალებში სერჟანტთა კორპუსის როლზე დაუსვეს შეკითხვები.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო აკადემიის შემადგენლობისთვის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. იყო ძალიან ღია საუბარი, აზრთა გაზიარება. გენერალმა თავისი მდიდარი გამოცდილებიდან მოიყვანა ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები – თუ როგორ უნდა ემსახუროს სამხედრო მოსამსახურე ქვეყანას, სამშობლოს, ოჯახს და რა უნდა იყოს მისი ძირითადი თვისებები. ანუ, უნდა იყოს გამბედავი, მაღალი მორალის მქონე ადამიანი და სამშობლოს მოსიყვარულე“ – განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
დღესვე, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი ავღანეთში ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედროებს შეხვდა და საჩუქრად აშშ-ის ევროპული სარდლობის საზღვაო ქვეითი ძალების მედალიონები გადასცა.
უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ვიზიტის ბოლოს, ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროგრამებს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები