პაპუაშვილი – ხორვატიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია ევროკავშირის ამჟამინდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ

“ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შევხვდი.

მივესალმე ზორან მილანოვიჩის პირველ ვიზიტს საქართველოში და ხაზი გავუსვი ამ ვიზიტის მნიშვნელობას”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიას შორის მეგობრული ურთიერთობები.

“ხორვატულ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია ევროკავშირის ამჟამინდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მისი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებასთან პირადად განიხილოს არსებული სიტუაცია. მისი თქმით, ხორვატია მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით.

ხორვატიის პრეზიდენტს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვესაუბრე.

ხორვატიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკა, რომელიც სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზეა მიმართული”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები