აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს.
რეზოლუციას მხარი 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 211 იყო. კენჭისყრისას დემოკრატებს რამდენიმე რესპუბლიკელიც შეუერთდა, რაც ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ იშვიათ შემთხვევად მიიჩნევა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს იმ „ეროვნული საგანგებო მდგომარეობის“ გაუქმებას, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტმა კანადურ იმპორტზე ტარიფები დააწესა. კრიტიკოსების თქმით, აღნიშნული ნაბიჯი უსაფუძვლო იყო და ზიანს აყენებდა აშშ–კანადის სავაჭრო ურთიერთობებს.
თუმცა, რეზოლუციას იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვს. იგი სენატში გადადის, ხოლო საბოლოო ძალაში შესვლის შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაც იქნება საჭირო, რაც, მედიის ინფორმაციით, ნაკლებად მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა 2025 წლის თებერვალში კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო აგვისტოში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადურ საქონელზე დაწესებული ტარიფები 35%-მდე გაიზარდა.