დავით სერგეენკო: მოსახლეობას პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე განვადება არ დასჭირდება

„ვეცდებით, მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, რომ არ დასჭირდეთ განვადება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე”, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ჩატარდა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ყველა შეფასება, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებზე ჩატარდა, არის პოზიტიური.
“რჩება ერთი მთავარი გამოწვევა, რომ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, ანუ მედიკამენტებზე, რომლებსაც ისინი ბინაზე ღებულობენ, საავადმყოფოში მისაღებ მედიკამენტებს კი სახელმწიფო უფინანსებს. ეს გამოწვევა რჩება. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ გვაქვს სამოქმედო გეგმა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ბოლო დღეების ტესტირებას გავდივართ ამაზე და ალბათ შეგვეძლება, მომავალი თვის განმავლობაში უკვე ეს პროექტი დავიწყოთ. ვგულისხმობ მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდას”, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მედიკამენტების ფასებზეც.
“რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება მისაღებია. თუმცა, შემიძლია ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ამის საჭიროება ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ როგორც ადრე იყო, პენსიების ხარჯზე სესხის აღებამ ძალიან დიდი ტვირთი დააკისრა ჩვენს პენსიონერებს. შესაბამისად, ვეცდებით, მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, რომ არ დასჭირდეთ განვადება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები