ორმა კომიტეტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას მხარი დაუჭირა.
ფარული კენჭისყრის შედეგების თანახმად, იურიდიული კომიტეტის წევრებმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში კომიტეტის 9 წევრმა მიიღო მონაწილეობა და 9-ვე წევრმა შოთაძეს მხარი დაუჭირა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, კენჭისყრაში 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და 10-ვე მათგანმა შოთაძის კანდიდატურას ნდობა გამოუცხადა.
პროცედურის თანახმად, კომიტეტები დასკვნებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ, ბიურო კი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გამიტანს.
დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს. დღესვე, მას პარლამენტში შეხვედრა ექნება ფრაქციებთან – „თავისუფალი დემოკრატები“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“.
მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრები გამართა და სამი კანდიდატურა დაასახელა, რომელთაგან თითოეულის რეკომენდატორები არასამთავრობო ორგანიზაციები ან/და აკადემიური წრეები იყვნენ. იუსტიციის მინისტრის მიერ თითოეული კანდიდატის წარდგინება კანონის შესაბამისად დასაბუთდა. გამარჯვებულ კანდიდატად ირაკლი შოთაძე დასახელდა. მან 13 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა მიიღო; მეორე კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ 12 უარყოფითი ხმა მიიღო და არცერთი დადებითი; მესამე კანდიდატ ნანა რევაზიშვილს მხოლოდ 1-მა წევრმა მისცა დადებითი ხმა, ხოლო 12-მა წევრმა − უარყოფითი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები