ევროკომისარი: ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში

ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდისი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს.
ევროკომისარმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა.
„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინს კარგი ვიზიტი ჰქონდა საქართველოში 10 ნოემბერს. ჩვენ ასევე ჩავატარეთ ჩვენი ასოცირების კომისიის მეორე სხდომა 16 ნოემბერს ბრიუსელში, ხოლო კომისარი იოჰანეს ჰანი თბილისს ვიზიტით ეწვევა. ამ ნოემბერში პრაქტიკულად ყოველ კვირას მაღალი დონის შეხვედრები იმართება.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომისიამ განიხილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებისას მიღწეული პროგრესი. მან ასევე, განიხილა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც რჩება. რაც შეეხება პროგრესს, ჩვენ მივესალმებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების კარგად განხორციელებას და ანგარიშებს, რომლის თანახმად საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროსტანდარტებთან დადებით პროგრესს განიცდის. ამავე დროს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფუნქციონირებისა და სარგებლისთვის საქართველოში ბიზნესთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოწვევებს, აქ არის მშვიდი და პატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკური გარემოს გარანტირების საჭიროება, ამის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები და განცხადებები კი თავიდან უნდა იქნას აცილებული. ყველა ჩვენი კომუნიკაციის დროს ჩვენ გამოვხატეთ, რომ დემოკრატიული იმპულსი უნდა შენარჩუნდეს, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ჩვენ მოველით ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მიმართ სრულ პატივისცემას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ინსტიტუტები არიან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საქართველოში ადამიანის უფლებების გარანტი. მოახლოებული საარჩევნო კამპანია პირველი იქნება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდება. ჩვენ ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზანს, ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ შემთხვევაში მედიის თავისუფლება აუცილებელია, მათ შორის მედიასაშუალებებზე ოპოზიციური პარტიების თანაბარი წვდომა“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ქრისტოს სტილიანიდისის განცხადებით, ევროკავშირი აფასებს საქართველოს მიერ სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებში მიღწეულ პროგრესს.
„სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი ასოცირების შუაგულშია. ასევე, ევროკავშირი სასამართლოში განხილვის პროცესში მყოფ ინდივიდუალურ საქმეებს არ აფასებს. ჩვენ ვაკვირდებით, არის თუ არა დაცული ჩვენი საერთო პრინციპები. ეს შეეხება ე.წ. მაღალი ინტერესის მქონე სასამართლო საქმეებს, მათ შორის „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ კერძო დავას და ოპოზიციური აქტივისტების წინასწარ პატიმრობას. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გარდაქმნას სასამართლო და გააძლიეროს იგი“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ასოცირების საბჭოზე ვიცე-პრეზიდენტი მოგერინი და კომისარი იოჰანეს ჰანი მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის პროცესში.
„ბევრი ნიშნული უკვე შესრულებულია. ეს ძალისხმევა გაგრძელებას საჭიროებს. საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ შეიძლება განისაზღვროს. ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს იმ პროცესში, რაც ჩვენს წინაშეა“, – განაცხადა სტილიანიდისმა.
ევროდეპუტატი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსაც შეეხო.
„აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული პროცესები ასოცირების საბჭოს დღის წესრიგში იყო. მოგერინიმ და ჰანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი რჩება მტკიცედ ერთგული მშვიდობის, სტაბილურების და კონფლიქტის გადაჭრის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში, ჟენევის დისკუსიებში ევროკავშირის თანათავმჯდომარეები, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, არიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ მხარდაჭერაში“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები