„რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი გაღრმავდება“

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის გაღრმავებას ვარაუდობს, თუმცა მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ომში არ გადაიზრდება. როგორც არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რუსეთის მიერ თურქმანებით დასახლებულ სირიის პროვინციაზე განხორციელებულ საავიაციო დარტყმებს შესაძლოა, თურქეთის მხრიდან საპასუხო ქმედება მოჰყვეს და თურქეთმა რუსეთის მომხრე ქურთების მიმართ საავიაციო დარტყმები განახორციელონ.
„რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი აუცილებლად გაღრმავდება, მაგრამ არ მგონია, რომ საქმე ომამდე მიიყვანონ. კონფლიქტის გაღრმავების ნიშნებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. დღეს უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში თურქულ მანქანებს უკვე აღარ ატარებენ, უახლოეს ხანებში ველოდები, რომ რუსულ გემებს აღარ გაატარებენ ბოსფორში და დარდანელში. საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით, თურქეთს აქვს უფლება, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნის ხომალდი დაბლოკოს. იქნება მომხრეებზე თავდასხმები, რუსეთმა თურქმანებით დასახლებულ სირიის პროვინციაზე საავიაციო დარტყმები უკვე დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ იგივე ქმედება თურქეთმა რუსეთის მომხრე ქურთების მიმართ განახორციელონ. ასეთი ფორმით დაპირისპირება იქნება, მაგრამ ომს არ ვვარაუდობ.
რაც შეეხება მსოფლიო ლიდერების მხრიდან თურქეთის ერთპიროვნულ მხარდაჭერას, არეშიძის განცხადებით, ასეთი ტიპის განცხადებები, ხშირად „მხოლოდ განცხადებისთვის“ კეთდება.
„მხარდაჭერის განცხადების პარალელურად, აშშ-მ თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მხარდაჭერა გამოხატეს, რადგან თურქეთი ნატოს წევრია და ნატოს გარკვეული პუნქტი ამ შემთხვევაში მოქმედებს, თუმცა გეტყვით პირდაპირ, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ლიდერი, თურქეთის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას მხარს არ დაუჭერს“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები