ანი მიროტაძე ირაკლი შოთაძეს: როდესაც ბავშვები იხრჩობიან ქვევრში, საქმე გამოძიების გარეშე არ უნდა რჩებოდეს

„როდესაც ბავშვები იხრჩობიან ქვევრში, ეს საქმე არ უნდა რჩებოდეს გამოძიების გარეშე“,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ დღეს, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს.
როგორც მიროტაძემ შოთაძის მისამართით განაცხადა, მას არ სურს, რომ რაფალიანცის საქმე გამოუძიებელ საქმეებს შორის იყოს.
„როდესაც ბავშვები იხრჩობიან ქვევრში, ეს საქმე არ უნდა რჩებოდეს გამოძიების გარეშე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ საქმეზე „ცხელ კვალზე“ უნდა ჩატარებულიყო გამოძიებამ, იქ შესაბამისი მტკიცებულებების გაქრობა მოხდა. თუ ეს ასეა, თქვენ ვალდებული ხართ, ბატონო ირაკლი, ისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით ღიად და მე არ მინდა, რომ რაფალიანცის საქმე გამოუძიებელ საქმეებს შორის იყოს. ისევე როგორც არ მინდა ბევრი სხვა საქმის ირგვლივ უჩნდებოდეს საზოგადოებას კითხვები“,- განაცხადა მიროტაძემ.
მიროტაძემ აქვე, მოქმედ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იგი მათ გუნდში დარჩება.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ბადაშვილს ამ ტრიბუნიდან და, ზოგადად, პროკურატურას. ვერ ვიტყვი, რომ პროკურატურასთან ჩვენ პრობლემა გვქონდა თანამშრომლობის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და დარწმუნებული ვარ, რომ ბადაშვილი დარჩება ჩვენს გუნდში, ვინაიდან ის არის პროფესიონალი კადრი და ჩვენ პროფესიონალი კადრები გვჭირდება. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება თვისობრივად ახალი და ბევრად უფრო კოორდინირებული, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ პარლამენტის ინფორმირებულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, ვიცოდეთ, როგორი პოლიტიკა ტარდება ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით“,-აღნიშნა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები