„ნაციონალები“ დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებენ

თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მერიამ ოპოზიციის წინასწარ გაჟღერებული რეკომენდაციები მთელი რიგი მიმართულებით არ გაითვალისწინა.
უგრეხელიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მერიას სთხოვდა, მუნიციპალიტეტის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც, დეპუტატის თქმით, უმნიშვნელოვანეს სერვისებს აწოდებენ მოქალაქეებს, ხელფასი გაეზარდა.
„ნაციონალები“ ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ საბავშვო ბაღის მასწავლებლებისა და მათი თანაშემწეებისთვის, ავტობუსის მძღოლებისთვის, ქალაქგანათების მონტიორების და „თბილსერვისის“ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ქალაქს ალაგებენ…
„ყველა ამ ადამიანს, სხვასთან შედარებით, უდაბლესი ხელფასი გააჩნიათ. ჩვენ მოვითხოვდით, რომ მათთვის 2016 წლის ბიუჯეტში ასახულიყო 20%-ანი სახელფასო მატება, თუმცა მერიამ ამის ნაცვლად საკუთარი სახელფასო ფონდი 7 მილიონით გაზარდა. თბილისის მთავრობის წევრები არიან მავნებლები. ჩვენ ასევე მოვითხოვდით, სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისთვის და არა მარტო ბაღის, არამედ, ზოგადად, პედაგოგებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობას, რაც არ გაითვალისწინეს“,- აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.
უგრეხელიძე ცალკეული მიმართულებით დაფინანსების შემცირების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ეკოლოგიის, ინფრასტრუქტურის და სხვა რამდენიმე მიმართულებით თანხები შემცირდა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით ბიუჯეტმა 8 მილიონზე მეტით მოიკლო, საერთოდ ამოღებულია მრავალსართულიანი ავტოსადგომების აშენების საკითხი. 4 მილიონამდეა შემცირებული ავარიული სახლების გასამაგრებელი თანხებიც. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში 2016 წლისთვის არცერთი ლარი გათვალისწინებული არ არის. 5 მილიონით შემცირდა თანხები ეკოლოგიის კუთხით, ხოლო – 2 მილიონით გამწვანებისთვის გამოყოფილი თანხები. შემცირებულია სოციალური დაცვისა და ოპერაციის დასაფინანსებელი თანხებიც“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
დედაქალაქის საკრებულო თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტს 10 დეკემბრისთვის ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები