13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოიჯარეები 2015 წლის 31 დეკემბრამდე საიჯარო ქირისგან გათავისუფლდებიან

თბილისის ზოოლოგიური პარკის მოიჯარეები, რომლებიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალდნენ, საიჯარო ქირისგან 2015 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სხვადასხვა ტიპის შეღავათებს საიჯარო ქირასთან დაკავშირებით, ზოოპარკის მოიჯარე 16 კომპანია მიიღებს. კერძოდ, აღნიშნული კომპანიები გათავისუფლდნენ საიჯარო ქირისგან და 2015 წლის 13 ივნისამდე არსებული ქირის დავალიანების გადახდა გადაუვადდათ 2015 წლის 31 დეკემბრამდე. გარდა ამისა, მოიჯარეებს მოეხსნათ ჯარიმები და საურავი. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ზოოლოგიური პარკი სტიქის შემდეგ არ ფუნქციონირებდა, 13 ივნისიდან 13 სექტემბრამდე, მოიჯარეებს საიჯარო ხელშეკრულება გაუგრძელდათ გაცდენილი პერიოდით, 3 თვით. მოიჯარეებისთვის უწების მიერ გაწეული შეღავათები, ჯამში, 114 480 ლარს შეადგენს.
როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, სტიქიის გამო კომპანიებმა ვერ გამოიყენეს კომერციული საქმიანობისთვის ყველაზე ხელსაყრელი – ზაფხულის პერიოდი. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებული მოიჯარეების შეღავათებთან დაკავშირებით.
,,მოიჯარეების გარკვეულმა ნაწილმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო, რამდენიმე მოიჯარეს მთლიანად გაუნადგურდა კომერციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებები, შენობა-ნაგებობები, სარეალიზაციო მარაგები და ფაქტობრივად ვერ აგრძელებენ იჯარით გადაცემულ ქონებაზე საქმიანობას. სტიქიის შედეგების გამო კომპანიებმა ვერ გამოიყენეს კომერციული საქმიანობისთვის ყველაზე ხელსაყრელი – ზაფხულის პერიოდი. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებული მოიჯარების შეღავათებთან დაკავშირებით. აღნიშნული შეღავათები საშუალებას მისცემს მოიჯარეებს, აღიდგინონ დანაკარგები და შექმნან წარმატებული ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები. ამით თბილისის მერია კიდევ ერთხელ გამოხატავს ბიზნესსუბიექტების მიმართ მხარდაჭერას და მათი განვითარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნას”.
ზოოპარკის ერთ-ერთი მოიჯარე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ კეკელია მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის შეღავათები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში.
,,ჩვენს კომპანიას დაუზიანდა 3 ჯიხური, მათგან ერთი საერთოდ აღარ არსებობს, განადგურდა პროდუქტი. 13 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე საიჯარო გადასახადის გაუქმება და სხვა ტიპის შეღავათები საშუალებას მოგვცემს, ჩვენი კომერციულ საქმიანობა სრულად აღვადგინოთ”, – აღნიშნა მალხაზ კეკელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები